არჩევნები
აბაშაში დაფიქსირებული სავარაუდო დარღვევები და ზურაბიშვილის შტაბის პასუხი
„სამართლიანმა არჩევნებმა“ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდის მეორე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში რამდენიმე მაგალითია მოყვანილი, რომელთა შორის აბაშაში გამოვლენილი სავარაუდო დარღვევებია დაფიქსირებული.

საუბარია მაჟორიტარის ხელმძღვანელობით საჯარო მოხელეების მიმართ მიცემულ დავალებაზე რომ კარდაკარ შეხვედრების დროს „მკაცრად“ გააფრთხილონ მოსახლეობა, ხმა მისცენ სალომე ზურაბიშვილს. ორგანიზაციის ინფორმაციით, ამის შესახებ მათ ორმა საჯარო მოხელემ უთხრა, თუმცა სამსახურის დაკარგვის შიშით ვინაობის გასაჯაროება არ სურთ.

ენმ-ის აბაშის შტაბის ხელმძღვანელმა დათო ქარცივაძემ სამართლიან არჩევნებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე სოფელსა და ქალაქის უბნებში მოსახლეობას პირადობის მოწმობებს სთხოვენ და ეუბნებიან, რომ არჩევნების შემდეგ დაუბრუნებენ. ამავე ცნობით, ამომრჩევლების უბნებზე მოსაყვანად გარკვეულ თანხას პირდებიან და ბიულეტენზე ზურაბიშვილის საარჩევნო ნომრის გასწვრივ ციფრის ან რამე ნიშნულის მიწერას ავალებენ.

გარდა ამისა, აბაშის მკვდირმა „სამართლიან არჩევნებს“ უთხრა, რომ სოფლის დეპუტატმა ვანო გუნიამ მას 50 ლარი შესთავაზა იმ შემთხვევაში, თუ მისი ოჯახის წევრები ხმას ზურაბიშვილს მისცემენ. თავად გუნია ორგანიზაციასთან აღნიშნულ ფაქტს უარყოფს.ამასთან, ენმ-ის ინფორმაციით, ოჯახებში მიაქვთ ხრეში და უხდიან კომუნალურ გადასახადებს.

ყველა ამ შემთხვევის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს აბაშის მერი და სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ლევან მაკალათია. მან რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ მსგავს დავალებებს არ გასცემენ.

„ეს ყველაფერი არის გაცვეთილი თემა. არავითარი თანხის დაპირება ან რამე მსგავსი არ მიგვიცია, ასევე, არ ვაძლევთ უკანონო დაპირებებს. რაც შეეხება მოხრეშვას, ეს ინფრასქტრუქტურული პროექტია და მუდმივად მიმდინარეობს“, - თქვა მაკალათიამ.

სამათლიანმა არჩევნებმა მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდის მეორე შუალედური ანგარიში დღეს, 21 ნოემბერს გამოაქვეყნა.

ამაზე თემაზე:

დააკისრა თუ არა ფოთის მერმა თანამშრომელს დისციპლინური პასუხისმგებლობა არჩევნებში მარცხის გამო

Print