რეგიონი
ხობში სიმინდის ზეთისა და კომბინირებული საკვების უნარჩენო წარმოება იწყება
"საპარტნიორო ფონდის" და კომპანია "ქარვა კოლხურის" ერთობლივი პროექტით, საქართველოში პირველად, ხობში სიმინდის ზეთისა და კომბინირებული საკვების უნარჩენო წარმოება იწყება. ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნია ავრცელებს. ამავე ცნობით,  საწარმო თანამედროვე დანადგარებითა და ტექნიკით უკვე აღიჭურვა.
alt
"საწარმო დღეში 50 ტონა სიმინდის მარცვლის გადამუშავებას შეძლებს და სრული წარმადობის შემთხვევაში, თვეში 100 ტონა სიმინდის ზეთს წარმოება იქნება შესაძლებელი.  ზეთის წარმოება ადგილობრივი ნედლეულით მოხდება. საწყის ეტაპზე კომპანია სიმინდის ზეთით ადგილობრივ ბაზარს მოამარაგებს. ISO სერტიფიკატის აღების შემდეგ საქართველოში წარმოებული პროდუქტი ექსპორტზე გავა. კომპანიას რამდენიმე ძირითადი პროდუქტი ექნება: სიმინდის ზეთი, კოპტონი (ჩენჩო) და სიმინდის გულგამოცლილი მარცვალი. პროექტის ფარგლებში, ასევე, დაარსდა მეორე კომპანია - ,,კოლხური", რომელიც ადგილობრივ ბაზარს ცხოველებისთვის განკუთვნილი კომბინირებული საკვებით მოამარაგებს. საწარმოებში, ჯამში, 120-ზე მეტი ადგილობრივი დასაქმდება",- ნათქვამია სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამავე ცნობით, ქარხნის ტექნიკით აღჭურვის პროცესი "საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ, პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

Print