ახალი ამბები
ზოდელავასა და წითლიძის წინააღმდეგ შონიას საჩივარზე გადაწყვეტილება 19 დეკემბერს გამოცხადდება
სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორის ლევან შონიას სარჩელზე ანა წითლიძისა და მურთაზ ზოდელავას წინააღმდეგ გადაწყვეტილება 19 დეკემბერს გახდება ცნობილი. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდისა და სამეგრელოს ორგანიზაციების თავმჯდომარეების ინტერესების დამცველმა მირანდა გოგოხიამ უთხრა.

ცილისწამებაზე ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში პროცესი გუშინ გაიმართა, სადაც მხარეებმა საკუთარი არგუმენტები წარადგინეს.


alt

ყოფილი გუბერნატორის ლევან შონიას ინტერესებს აღნიშნულ საქმეში როლანდ შონია იცავს. მისი ინფორმაციით, მოპასუხე მხარეს არავითარი სამართლებრივი არგუმენტი არ ჰქონდა.

„ყველა მათი არგუმენტი იყო სამარცხვინო, უსაფუძვლო და სასაცილო. უარყვეს კიდეც, რასაც ბატონ ლევანს ედავებოდნენ და ამბობდნენ, ეს საზოგადოებრივი აზრია და საქვეყნოდ ცნობილია, რომ, მაგალითად, ზუგდიდში კონტრაბანდული სიგარეტი იყიდებაო. ეს არგუმენტი არ არის. როცა ადამიანს სისხლის საქმეს ედავები, მინიმუმ, მტკიცებულებები უნდა გქონდეს“, - უთხრა რადიო „ათინათს“ შონიამ.

ის დარწმუნებულია, რომ სასამართლო დააკმაყოფილებს შონიას სარჩელს და დადგინდება ცილისწამება.

მირანდა გოგოხიამ პროცესის მიმდინარეობაზე ჩვენთან არ ისაუბრა, თუმცა გვითხრა, რომ მათ საკუთარი პოზიციები მტკიცედ დაიცვეს.

alt

„ჩვენ ვრჩებით, რა თქმა უნდა, ჩვენს აზრზე და მყარად ვდგავართ, დავიცავთ ამ პოზიციას“, - თქვა გოგოხიამ.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, ცილისმწამებლური განცხადებების გავრცელებისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ სამეგრელოს რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარის მურთაზ ზოდელავას და ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ანა წითლიძეს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი მიმდინარე წლის ივნისში შეიტანა. როგორც მაშინ შონიას პრესსამსახურმა განმარტა, საქმე ეხება სხვადასხვა მედიასაშუალებაში წითლიძისა და ზოდელავას მიერ გუბერნატორის „პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი“ ცნობების გავრცელებას.

ამავე თემაზე:

სამეგრელოს გუბერნატორი ენმ-ს წევრებს სასამართლოში უჩივის 
Print