ახალი ამბები
ხეთაში დაშავებულების მდგომარეობა კვლავ მძიმეა
ხეთაში, საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქებისას დაშავებული სამი ადამიანი თბილისში, დამწვრობის ცენტრში რჩება. ცენტრის ხელმძღვანელის გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, ისინი რეანიმაციაში მძიმე დამწვრობებით არიან მოთავსებულები და მათი მდგომარეობა ისევ კრიტიკულია, თუმცა გართულებები არ ყოფილა.

ხეთაში 19 ნოემბერს საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქების შედეგად სულ 7 ადამიანი დაშავდა. მათგან ორი გარდაიცვალა, 3 თბილისში დამწვრობის ცენტრში რჩება, 2 ადამიანი კი ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოდან სტაბილურ მდგომარეობაში გაწერეს.

თავდაპირველი ინფორმაციით, აფეთქება დაგროვილმა ბუნებრივმა აირმა გამოიწვია. მოგვიანებით, შს მინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა, სავარაუდოდ, ცეცხლის დასანთებად ბენზინი გამოიყენა.

მომხდარზე გამოძიება 188-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.

ამავე თემაზე:

ხეთაში აფეთქებისას დაშავებული კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა
Print