ახალი ამბები
დირექტორი მეექვსე სკოლაში გენინსპექციის შესვლას პოლიტიკურ მოტივს უკავშირებს
ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლაში მიმდინარე თვის დასაწყისში განათლების სამინისტროს გენერალური ინსპექცია შევიდა. სკოლის დირექტორის ია კერზაიას ინფორმაციით, რამდენიმე დღის განმავლობაში ორი ინსპექტორი სკოლაში სხვადასხვა დოკუმენტაციას სწავლობდა და შესაბამისი დასკვნა უკვე არსებობს. კერძაია სასწავლო დაწესებულებაში გენინსპექციის შესვლას პოლიტიკურ მოტივს უკავშირებს. მან რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ ინსპექტორების სკოლაში შესვლიდან რამდენიმე დღეში მას დაურეკეს და უთხრეს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების ერთ-ერთ მაღალჩინოსანთან მისულიყო და მიეცა პირობა, რომ არჩევნებზე მმართველი პარტიის მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ იმუშავებდა.

„ორი ადამიანი შემოვიდა სკოლაში 9 ნოემბერს და გვითხრა, რომ განათლების სამინისტროში შემოსული საჩივრის საფუძველზე უნდა დაწყებულიყო სკოლის ინსპექტირება. რამდენიმე დღის განმავლობაში ეს ორი ადამიანი „თავდაუზოგავად“ მუშაობდა, რომ დარღვევები აღმოეჩინა. ცხადია, იყო სხვადასხვა პროცედურული დარღვევა, თუმცა არცერთი ფინანსური... საჩივარი, რომელიც ჩემი აზრით ფაბრიკაციია, ანონიმის მიერ იყო შედგენილი და ეწერა, რომ თურმე, მე 2007 წელს „ბნელმა ძალებმა“ მომიყვანეს სკოლის დირექტორის პოსტზე და არასწორად განვკარგავდი ხარჯებს და ვწერდი ბრძანებებს, რაც ტყუილია. მე ლოტოტრონის საშუალებით გავხდი დირექტორი და ყველამ კარგად იცის, რამდენი რამ გაკეთდა ამ სკოლაში ყველა მიმართულებით“, - გვითხრა კერზაიამ.


alt

მისივე ინფორმაციით, ის საკუთარ პოლიტიკურ შეხედულებებს ღიად არასდროს გამოხატავს. ამასთან, კერზაიამ თქვა, რომ ის გენინსპექციის სკოლაში შესვლას სწორედ იმას უკავშირებს, რომ „ქართული ოცნების“ აქტივისტი არ არის.

„არ ვარ აქტივისტი, ღიად არავის ვუჭერ მხარს და ჩემს მასწავლებლებს არ ვავალებ ხმა მისცენ სალომე ზურაბიშვილს, ან რა უფლება მაქვს. ჩემთან შემოვიდა ზარი და მე უნდა მეპოვა მაღალჩინოსანი, რომელიც მიიღებდა გარანტიას, რომ მე ვუჭერდი მხარს და ვიმუშავებდი მათთვის“, - თქვა სკოლის დირექტორმა.

ია კერზაიას ამბობს, რომ სასწავლო დაწესებულებაში ინსპექტირება დასრულებულია და სკოლის სამეურვეო საბჭომ მიიღო შესაბამისი წერილი, რომლის მიხედვით, სკოლის დირექტორს უფლებამოსილება ვადამდე უნდა შეუწყდეს და ასევე აღმოიფხვრას აღმოჩენილი ხარვეზები.

„არ ვიცი, სამეურვეო საბჭო რას გადაწყვეტს. მათ კარგად იციან, როგორც ვმუშაობ მე. თუ მოხდა ისე, რომ შემიწყდა უფლებამოსილება, აუცილებლად გავასაჩივრებ სასამართლოში და ვიბრძოლებ სამართლებრივი გზით“, - გვითხრა კერზაიამ.

რადიო „ათინათი“ განათლების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა მას მობილური ტელეფონი გამორთული აქვს. სამინისტროში კი გვითხრეს, რომ შესაბამის პირებთან დღის მეორე ნახევარში დაგვაკავშირებდნენ.

Print