რეგიონი
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი ზუგდიდელები“ განცხადებას ავრცელებს
ახლად დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი ზუგდიდელები" სოციალურ ქსელ ფეისბუქში განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაციის წევრების მტკიცებით, ისინი არცერთი პარტიის მხარდამჭერები არ არიან და მათ რიგებში საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები არიან გაწევრიანებული.

მათ განცხადების გავრცელება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ანა წითლიძემ ორგანიზაციის ერთ-ერთი წევრს პეტრე მირცხულავას მეგის და ლევან ქარდავებთან მეგობრობა "შეახსენა".

რადიო "ათინათი" გთავაზობთ " სამართლიანი ზუგდიდელების" განცხადებას:

"სამართლიანი ზუგდიდელების კრიმინალებთან გაიგივების მცდელობა ჩაფლავდა. დავიწყოთ იმით, რომ ჩვენი ორგანიზაციის კრიმინალურ დაჯგუფებად მონათვლის მცდელობა არავის გამოუვა რადგან საქმე გვაქვს საზოგადოებრივ გაერთიანებასთან, რომლის წევრებიც არიან: ექიმები, მუსიკოსები, ინჟინრები, პოლიციელები და ყველა ვისაც აღელვებს ზუგდიდი. გავაგრძელოთ იმით, რომ წარსულში ნასამართლევი პირების რეაბილიტაცია და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი მონაწილეობა თანამედროვე სამყაროს პრიორიტეტია. გასაგებია ჩვენ მიმართ ენმ-ს ლიდერების ანტიპათია, რადგან სწორედ მათ ინტერესებში არ შედის პროგრესი და წარსულისკენ გვექაჩებიან. იმ ლოგიკასაც ვერ ვხვდებით, თუ რატომაა წარსულში ნასამართლევი ადამიანების ოჯახის წევრობა კრიმინალი, მაგრამ ზუგდიდი ყველას გასცემს ღირსეულ პასუხს", - ნათქვამია განცხადებაში.

საკრებულოს წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან" ანა წითლიძე "სამართლიანი ზუგდიდელების" დაფუძნებას ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა და მათ "ძველი ბიჭების საზოგადოება" უწოდა.

"განა რა, ბიჭებო, თქვენ შემოგევლოთ ჩემი ზუგდიდელობა. სულ არ მაინტერესებს თქვენი წარსული და აწმყო, მაგრამ პოლიტიკაში რომ შემოდიხართ, მზად უნდა იყოთ, რომ გაგიხსენებენ. და რაც ყველაზე სასაცილოა ამ ისტორიაში, პეტრე მირცხულავა იგივე ტუკა, რომელიც ამ ორგანიზაციის დამფუძნებელია, მეგის და ლევან ქარდავების უახლოესი მეგობარი იყო ეგ "9 წელი" და დღეს სისხლიან რეჟიმს რომ აპროტესტებს, აი, ღმერთო, ჩამოდი უნდა გელაპარაკო. მაგრად ყარხართ "ქართული ოცნება!", - წერს წითლიძე.

ზუგდიდში არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი ზუგდიდელები" 22 ნოემბერს ჩამოყალიბდა. მისი დამფუძნებლები მოქალაქეები პეტრე მირცხულავა, ჯუანშერ ხობელია და ალექსანდრე მინჯორაია არიან. მათი თქმით, აღნიშნული ორგანიზაცია ერთგვარ სამოქალაქო პლატფორმას წარმოადგენს, რომელიც უსამართლობასთან მებრძოლ მოქალაქეებს აერთიანებს.

ამავე თემაზე:

"სამართლიანი ზუგდიდელები" - ახალი არასამთავრობო ორგანიზაცია უსამართლობის წინააღმდეგ (ვიდეო)
Print