რეგიონი
დამკვირვებელი: უბნიდან იმიტომ გამაძევეს, რომ კომისიის თავმჯდომარისთვის საჩივრის დაწერა მინდოდა (ვიდეო)
სოფელ კახათის #96 უბანზე ორგანიზაცია "საქართველოს პარლამენტთა ასოციაციის" წარმომადგენელი ასმათ თორია აცხადებს, რომ მას საჩივრის დაწერის უფლება არ მისცეს და უბნიდანაც გააძევს. თორიას თქმით, მას კომისიის თავმჯდომარისთვის უნდოდა საჩივრის დაწერა, რადგან მან და მისმა მოადგილემ უბანი რამდენჯერმე დატოვეს. საჩივრის ფურცლის მოთხოვნის დროს კი, როგორც თორია ამტკიცებს, ურთიერთშელაპარაკება მოხდა, რის შემდეგაც მას უბნის დატოვება მოსთხოვეს. გარდა ამისა, ის სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაზეც საუბრობს.



"კომისიის თავმჯდომარე და მისი მოადგილე ფაქტობრივად გარეთ იყვნენ, დერეფანში თათბირობდნენ, მსჯელობდნენ იმაზე, თუ ვინ შემოეშვათ. ჩემი და ჩემი შვილის მისამართით იყო მუქარები, ხელითაც შემეხნენ. 96-ე უბნიდან გამომაძევს და არც აქვე, ამ შენობაში არსებულ 50-ე უბანზე შემიშვეს",- ამბობს ასმათ თორია.

alt

რაც შეეხება უბნის თავმჯდომარეს ირმა სამუშიას, მის ნაცვლად ჟურნალისტების კითხვებს, ერთ-ერთმა დამკვირვებელმა ნარგიზა ფარჯიკიამ უპასუხა. მისი თქმით, თორია სიტუაციის არევას ცდილობდა და საჩივარს უსაფუძვლოდ წერდა.

"თქვენ მითხარით, როგორ უნდა მიგვეცა საჩივრის დაწერის უფლება? თავმჯდომარეს არა აქვს უფლება გავიდეს საპირფარეშოში?" - ამბობს ფარჯიკია.

alt

უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ხალხმრავლობაა. აქ არიან, როგორც გაერთიანებული ოპოზიციის, ასევე სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერები.



Print