არჩევნები
დემოკრატიული არჩევნები თუ უპრეცედენტო ზეწოლა - შეფასებები ოპოზიციისა და ხელისუფლებისგან
ზუგდიდში არჩევნების მეორე ტურის დღეს პოლიტიკოსები აფასებენ. რადიო „ათინათი“ ოპოზიციური პარტიებისა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს დაუკავშირდა და მათ ჰკითხა, იყო თუ არა გუშინ ჩატარებული კენჭისყრა და საარჩევნო გარემო ამომრჩევლის ნების გამომხატველი. ჩვენ მათგან რადიკალურად განსხვავებული შეფასებები მივიღეთ.

გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის შტაბის ხელმძღვანელის ანა წითლიძის შეფასებით, ზუგდიდში არჩევნების შედეგები „ქართული ოცნების“ მოგებას არ ნიშნავს. წითლიძემ რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ  მოსყიდვისა და ზეწოლის ფონზე არჩევნების მინიმალური პროცენტით მოგება ზურაბიშვილის გამარჯვებაზე არ მეტყველებს.
alt
„მხოლოდ 0,8 % მეტი ვერ დაიწერეს, ეს მაშინ, როდესაც შს მინისტრი პირადად ხელმძღვანელობდა ამ პროცესს, ჩართული ჰყავდათ კრიმინალები, მთელი ადმინისტრაციული რესურსი, შავი ფული და მაინც მხოლოდ 0,8 % აქვთ უპირატესობა. 28 ათასმა მოუსყიდავმა და უშიშარმა ზუგდიდელმა უარი უთხრა კრიმინალებთან შეკრულ ხელისუფლებას და მთავარი იწყება ახლა. მადლობა ყველა ზუგდიდელს, ვინც მოვიდა და ხმა მოგვცა“, - გვითხრა წითლიძემ.

რადიკალური და ძალიან მწვავეა „ევროპული საქართველოს“ წევრის ბათლომე შელიას შეფასება. მან გვითხრა, რომ მსგავსი მასშტაბური და მასობრივი ზეწოლისა და მოსყიდვის ფაქტები საქართველოს ისტორიაში არ ახსოვს. მისივე თქმით, გუშინ მმართველი პარტიის მხრიდან ტოტალური კარუსელის დატრიალების შემთხვევები და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტები დაფიქსირდა.
alt
„სახელმწიფო ბიუჯეტის თანხებზე დამოკიდებული ადამიანების მიერ მონიშნული ბიულეტენები არის მასობრივი ზეწოლის კლასიკური მაგალითი. ეს იყო უპრეცედენტო ტიპის ზეწოლა, რომელიც რუსეთის გარდა, არ ახსოვს პოსტსაბჭოთა არცერთ ქვეყანას. 105-ე უბანზე საკუთარ კარუსელზე აფეთქდნენ და არავინ ყურადღება არ მიაქცია ამას. პირველი ტური იყო ნამდვილი არჩევნები, რომელზე ამომრჩეველი მოვიდა და საკუთარი ნება დააფიქსირა, მეორე ტურში კი, მათ გარდა ვინც პირველ ტურშიც მოვიდა, ხალხი თვითონ მოიყვანეს ტოტალურად, ზეწოლით და სრულად იყო კონტროლი ამომრჩევლის ნებაზე. მე ვიცი ძალიან ბევრი საჯარო მოხელე, რომელსაც დაავალეს, ბიულეტენზე მონიშვნა გაეკეთებინათ და ამით მოატყუეს საკუთარ თანამშრომლები“, - თქვა შელიამ.

ამ პოზიციას კატეგორიულად ეწინააღმდეგება ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია. მისი შეფასებით, გუშინ კენჭისყრის დღემ მნიშვნელოვანი დარღვევები გარეშე ჩაიარა, მიუხედავად იმისა, რომ ქვარაიას თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებს დესტაბილიზაციის მცდელობა ჰქონდათ.
alt
„გუშინდელმა დღემ ადმინისტრირების თვალსაზრისით აბსოლუტურად პოზიტიურად ჩაიარა. იყო მცირე პროცესუალური ხარვეზები, უბნებზე რამდენიმე პროვოკაციისა და დაძაბულობის ესკალაციის მცდელობა ოპოზიციის მხრიდან, თუმცა, საოლქო და საუბნო კომისიების ან ძალოვნების დროული ჩარევით ადგილზე მოგვარდა. ზუგდიდში მშვიდად, სტაბილურად, დემოკრატიულად და გამჭვირვალედ ჩაიარა არჩევნებმა და მოქალაქეებს მიეცა საშუალება გამოეხატა ნება. რაც შეეხება ოპოზიციის ბრალდებებს, თითოეული ხარვეზი ან შენიშვნა, პირველ რიგში, ორგანიზაციების მხრიდან გაანალიზდება, რათა შემდგომი არჩევნები ხარვეზების გათვალისწინებით ჩატარდეს. არ ჰქონია ამ ყველაფერს სისტემური ხასიათი , რომ არსებითი ზეგავლენა მოეხდინა შედეგებზე. ეს იყო ხალხის გამარჯვება. მართალია, უპირატესობა დიდი არ არის, თუმცა „ქართულ ოცნებას“ აქვს ზეიმის საფუძველი. ჩვენ შევძელით, რომ ასეთი დაძაბული არჩევნები დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში ჩატარებულიყო“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ქვარაიამ.

მან სალომე ზურაბიშვილსა და ქართველ ხალხს გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ არჩეული პრეზიდენტი იქნება ყველას გამაერთიანებელი და ახალი ფურცელი, რომელიც წარმატებას მოუტანს ხალხს.

ზუგდიდში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა კანდიდატმა ხმების 50.48% (28 577 ) მიიღო, გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ კი 49.52% (28 035).

ბოლო მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილმა 1 147 625 (59.52 %) ხმა მიიღო, ვაშაძემ კი - 780 635 (40.48 %).
Print