ახალი ამბები
მეოცე უბნის თავმჯდომარე: მადანაშაულებენ, რომ არჩევნები გავაყალბე და მემუქრებიან, რომ უნდა დავისაჯო
ზუგდიდის #20-ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარე სალომე წულაია აცხადებს, რომ მას ყოფილი პროკურორი რომეო საჯაია ემუქრება. წულაიას თქმით, ის მუქარის შემცველ წერილებს სხვა პირებისგანაც ღებულობს. კომისიის თავმჯდომარე პოლიციაში განცხადების დაწერას და ამ ფაქტზე გამოძიების დაწყებას მოითხოვს. წულაიას სხვა დეტალებზე არ უსაუბრია.

"სამმართველოში შესვლის და განცხადების დაწერის შემდეგ ვისაუბრებ დეტალებზე. შეტყობინებები მომდის რომეო საჯაიასგან და სხვა პირებისგანაც. მემუქრებიან და მეუბნებიან, რომ მე არჩევნები გავაყალბე და ამის გამო უნდა დავისაჯო",- ამბობს წულაია.

alt
ის დღეს პოლიციაში ასევე დაბარებულია სამაგიდო სიის დაკარგვასთან დაკავშირებით. ზუგდიდის რაიონულ სამმართველოსთან იმყოფებიან კომისიის სხვა წევრები და დამკვირვებლები. ისინი ამბობენ, რომ სალომე წულაიას მხარდასაჭერად არიან მოსულები.

თავად რომეო საჯაია ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.


Print