ახალი ამბები
დონბასში მებრძოლი ზუგდიდელი ლუკა ჩხეტიას ოჯახი: მისი დაკავება პოლიტიკური ანგარიშსწორებაა
თბილისში, სასტუმრო "ალიანსში" წუხელ დაკავებული 5 ადამიანიდან ერთ-ერთი, სავარაუდოდ,  ზედა ეწერის მკვიდრი ლუკა ჩხეტიაა. მისი ოჯახის ინფორმაციით, უკრაინაში, დონბასში მებრძოლი ლუკა ჩხეტია საქართველოში გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე დასასწრებად ჩამოვიდა. მისმა დამ მარინა ჩხეტიამ რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ მისი ძმის დაკავების შესახებ გამომძიებელმა შეატყობინა.

„დამირეკა გამომძიებელმა, დაახლოებით, 10 საათზე და მითხრა, რომ ლუკა დაკავებულია იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით. მეტი არაფერი უთქვამს. ეს არის პოლიტიკური დევნა და ანგარიშსწორება მხოლოდ იმიტომ, რომ დღეს დაგეგმილ მშვიდობიან აქციაში უნდოდა მონაწილეობის მიღება და ოპოზიციურად არის განწყობილი. დარწმუნებული ვართ, რომ ეს ბრალდება მოგონილია და იარაღი ჩაუდეს. ეს ყველაფერი იყო წინასწარ დაგეგმილი, ჩასაფრებულები იყვნენ, როდის გამოდკვეთდა საზღვარს, მუდმივად ჩართული იყო ჩვენი ფეისბუქ გევრდები და ეძებნენ რაღაცას, თუმცა, რა თქმა უნდა, ვერაფერს მიაგნეს“, - გვითხრა მარინა ჩხეტიამ.

ჩხეტიების ოჯახში ამბობენ, რომ ისინი ლუკას დაკავებას და პოლიტიკური ანგარიშსწორების გამო მის ციხეში ყოფნას არ შეეგუებიან.

„პასუხს დაველოდებით და მერე გადავწყვეტთ, როგორ მოვიქცეთ, თუმცა არ შევეგუებით იმას, რომ ჩემი ძმა პოლიტიკური ანგარიშსწორების შედეგად ზის ციხეში. ყველამ გაიგოს, რა უკანონობაც ხდება“, - თქვა ჩხეტიამ.

რაც შეეხება სხვა დაკავებულებს, ჩხეტიები მათ შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.

27 წლის ლუკა ჩხეტია, ბოლო წლების განმავლობაში უკრაინაში, დონბასში იბრძოდა. მანადე ის ავღანეთში სამშვიდობო მისიით ორჯერ იმყოფებოდა.

რადიო "ათინათი" შს სამინისტროს კომენტარს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
Print