ახალი ამბები
“ბავშვობა ძალადობის გარეშე“ – „თანაზიარის" ღონისძიება ზუგდიდში
არასამთავრობო ორგანიზაცია „თანაზიარი“ ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“ ფარგლებში ბავშვთა მიმართ ძალადობის შესახებ ცნობიერების ასამაღლებელ კამპანიას „ბავშვობა ძალადობის გარეშე“ ახორციელებს. კამპანიის ფარგლებში, დღეს მოსწავლეები და მათი მშობლები გასართობ-შემეცნებით თამაშებში ჩაერთვნენ.

გასართობი ღონისძიება ზუგდიდის სკეიტ პარკში დასრულდა და მასში მონაწილეობა მეექვსე, მეცხრე და მეთერთმეტე სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს.

„ღონისძიების მიზანია საზოგადოების, ბავშვების ინფორმირებულობა ადამიანის უფლებებზე. და ძალიან მიხარია, რომ ბავშვები და მშობლები ჩაერთნენ ამ ღონისძიებაში“, - თქვა ცენტრ „თანაზიარის“ ხელმძღვანელმა ხათუნა ბეჭვაიამ.

კამპანიის „ბავშვობა ძალადობის გარეშე“ მიზანია ბავშვთა მიმართ ძალადობის პრობლემის აქტუალურობის წარმოჩენა და აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრისკენ საზოგადოებისთვის მოწოდება, უფროსების და ბავშვების ერთობლივი მონაწილეობის წახალისების გზით. საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი პროექტს „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“ ახორციელებს რეაბილიტაციის და განვითარების საქველმოქმედო ცენტრ „თანაზიართან“, „სთეფ ფორვარდთან“ და International Child Catholic Bureau (BICE) - სთან თანამშრომლობით. პროექტის ასოცირებული პარტნიორები არიან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და Child Helpline Intrenational. პროექტის „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“ ფარგლებში მუშაობს ბავშვთა და ახალგაზრდების ადვოკატირების სამი ცენტრი - თბილისში, ზუგდიდში და ბათუმში, რომლებიც ემსახურებიან ოჯახში ძალადობის და სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს, ახალგაზრდებს და მათ ოჯახის წევრებს. პროექტის ფარგლებში ასევე ფუნქციონირებს ბავშვთა დახმარების ხაზი, რომელიც ემსახურება ბავშვებს, ახალგაზრდებს, მათ მშობლებს, პროფესიონალებს და ნებისმიერ ადამიანს, რომლებსაც ბავშვებთან დაკავშირებულ პრობლემებზე სურთ საუბარი.
Print