რეგიონი
ოჩამჩირეში ტურები ადამიანებს ესხმიან თავს
ოჩამჩირეში ამ კვირის განმავლობაში ტურების მიერ ადამიანზე თავდასხმის ორი ფაქტი დაფიქსირდა, წერს „ნაშა აბხაზია“. რაიონის ხელმძღვანელის მოადგილის სლავიკ კუჩუბერიას ცნობით, პირველი შემთხვევა ოთხი დღის წინ სკოლა - ინტერნატის მახლობლად მოხდა, როდესაც ტურა ერთ - ერთ მოსწავლეს დაესხა თავს. მის ყვირილზე ადგილობრივმა მცხოვრებმა მოირბინა და ნადირის გაგდება შეძლო, თუმცა, ცხოველმა მოასწრო ორჯერ ეკბინა ბავშვისთვის. გოგონა მოგვიანებით სოხუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მეორე შემთხვევა 5 დეკემბრის საღამოს მოხდა, ამჯერად ტურა 18 წლის ახალგაზრდა მამაკაცს დაესხა თავს და მუხლში ჩააფრინდა, რა დროსაც, ზურაბ მალანძიამ მისი დახრჩობა შეძლო. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა გაუკეთეს.

კუჩუბერიას თქმით, მოკლული ცხოველი სოხუმის ლაბორატორიაში გაგზავნეს, სადაც ცოფზე შეამოწმებენ.

Print