ახალი ამბები
ხობის მერია საახალწლო ღონისძიებებისთვის 13 ათასამდე ლარს დახარჯავს
ხობის მუნიციპალიტეტის მერიამ საახალწლო ღონისძიებების გასამართად ტენდერი გამოაცხადა და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 12 942 ლარი გამოყო. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, გამარჯვებულმა კომპანიამ ახალი წლის ღამეს კონცერტი და სცენის საახალწლო დეკორაცია უნდა უზურნველყოს, ამასთან, უნდა განთავსდეს ორი ვიწრო ბანერი ქალაქში, დამზადდეს 500 ცალი მისალოცი ბარათი, დაიდგას ნაძვის ხე, მოეწყოს ალაფურშეტი 10 პერსონაზე, ღონისძიება კი ფოიერვერკით დასრულდეს.

დოკუმენტაციაში მითითებულია, რომ კონცერტში მონაწილეობა ცნობილმა ჯგუფმა, მაგალითად, ქუჩის ბიჭებმა უნდა მიიღონ.

„ეს ჩვენი სურვილია, რომ ქუჩის ბიჭებმა იმღერონ საახალწლო კონცერტზე, თუმცა გამარჯვებულზეა დამოკიდებული. რაც შეეხება ალა ფურშეტს, ეს ამ მომღერლებისთვისაა განკუთვნილი. მისალოცი ბარათები კი სხვადასხვა პროფესიის ხობელებისთვის“, - გვითხრა მერიის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორმა ბეჟან ბერაიამ.

ტენდერში წინადადებების მიღება 16 დეკემბერს დაიწყება და 18 დეკემბერს დასრულდება.


Print