რეგიონი
რაულ ხაჯიმბა: სოხუმმა 800-მდე სირიელი რეპატრიანტი მიიღო
აფხაზეთმა ამ დრომდე დაახლოებით 800 სირიელი რეპატრიანტი მიიღო, ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა რაულ ჯახიმბამ განუცხადა.
„ჩვენ ვცდილობდით მათი კეთილმოწყობის ამოცანების გადაჭრას და შესაძლებლობების შექმნას იმისთვის, რომ მათ ჩვენს პირობებთან ადაპტაცია შესძლებოდათ“, – თქვა ხაჯიმბამ.

მისი თქმით, ამჟამად აფხაზეთში მცხოვრები სირიელების ნაწილი სწავლობს ან დასაქმებულია სხვადასხვა სფეროში, რათა „თანდათან შეერწყას აფხაზურ საზოგადოებას“.

სირიელი რეპატრიანტების გალისა და ოჩამჩირის რაიონში ჩასახლების შესაძლებლობებზე მაისში გამართულ შეხვედრაზე დე ფაქტო აფხაზეთის რეპატრიაციის მინისტრმა ბესლან დბარმა ისაუბრა. მისი თქმით, ოჩამჩირის რაიონში 14 დაცარიელებული სოფელია, სადაც ადრე ქართველები ცხოვრობდნენ.

„ქალაქ ოჩამჩირეში, მე- 6 რაიონში 2 კორპუსია, ერთ-ერთ მათგანში 20-მდე ოჯახის, ხოლო მეორეში - 78 - ის ჩასახლება არის შესაძლებელი. ჩვენ მზად ვართ ისინი რეპატრიაციის სამინისტროს ბალანსზე გადავიყვანოთ. სოფელ აჩიგვარაში არის 5 ათასამდე ადამიანის განსახლების საშუალება“, - განაცხადა ბესლან დბარმა.

დე ფაქტო აფხაზეთის პარლამენტმა სირიის არაბულ რესპუბლიკასთან "მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების" რატიფიცირება მოახდინა. დიმიტრი შამბამ წარუდგინა. შეთანხმება 10 წლის განმავლობაში იმოქმედებს და ხუთი წლის ვადით ავტომატურ გახანგრძლივებას ითვალისწინებს. სირიის პარლამენტმა აღნიშნული შეთანხმების რატიფიცირება 11 ოქტომბერს მოახდინა. რესპუბლიკამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობა“ 2018 წლის მაისში აღიარა.


ფოტო: "ეხო კავკაზა"
Print