ახალი ამბები
ბაჩანა შენგელია დედის გარდაცვალებაზე: ეს იყო ორგანიზებული მკვლელობა
ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია დედის გარდაცვალებაში განათლების სამინისტროს ადანაშაულებს და შესაბამის ორგანოებს გამოძიების დაწყებას სთხოვს. ამის შესახებ მან დღეს რუსთავი 2-თან ინტერვიუში ისაუბრა. შენგელიას თქმით, ეს იყო ორგანიზებული მკვლელობა, რომელიც სამინისტროში დაიგეგმა.

"უნდა აგოს პასუხი ვინც ეს მკვლელობა ჩაიდინა. ეს არის მკვლელობა მეტი არაფერი,  რომელიც დაგეგმეს და განახორციელეს განათლების სამინისტროში. ერთი კვირის მანძილზე, მიუხედავად დიდი ბრძოლისა მაინც დამთავრდა წარუმატებლად... ეს არის მკვლელობა, მივმართავ ყველას ვისაც ეს ეხება, სამართალდამცავ ორგანოებს, რომ დაიწყონ გამოძიება ორგანიზებულ დანაშაულში და  უსწრაფესად დაისაჯონ ის ადამიანები ვისაც ბრალი მიუძღვის ამ ყველაფერში. ეს არის ერთადერთი მოთხოვნა და ჩემი ცხოვრების ალბათ ერთადერთი აზრი", - ამბობს ბაჩანა შენგელია.

ია კერზაია დღეს, დილით ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გარდაიცვალა. ის საავადმყოფოში ინსულტის დიაგნოზით მოათავსეს. კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას მასზე განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებდა, რომელსაც, მისი მტკიცებით, კერზაია ხელისუფლებისგან განიცდიდა. 

აღნიშნულ სკოლაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გენერალური ინსპექციის სამსახური გასული თვის შუა რიცხვებში შევიდა. უწყების ინფორმაციით, სკოლაში მთელი რიგი დარღვევები გამოვლინდა, რომელთა შორის არის როგორც ადმინისტრაციული, ასევე ფინანსური გადაცდომები. თავად დირექტორი, ია კერძაია გენინსპექციის შესვლას პოლიტიკურ მოტივს უკავშირებდა და სამართლებრივად ბრძოლას აპირებდა.




Print