ახალი ამბები
საია კერზაიას საქმეზე: ვიკვლევთ, ხომ არ ჰქონდა ამ ფაქტს პოლიტიკური წინაპირობა
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე სულხან სალაძე ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა. მან თქვა, რომ ორგანიზაცია იკვლევს, ჰქონდა თუ არა აღნიშნულ შემთხვევას რამე წინაპირობა, რომელიც წინასაარჩევნო მოვლენებს უკავშირდება. სალაძემ ასევე თქვა, რომ შესაბამისი ორგანოების მხირდან ობიექტურ შეფასებებს ელოდება.

„დაველოდებით შესაბამისი კომპეტენტური ორგანოების მხრიდან სათანადო შეფასებებს და იმედს გამოვთქვამ, რომ შეფასებები იქნება რეალურად, ობიექტურ ინფორმაციაზე დაფუძნებული და არა მხოლოდ ზეპირ შეფასებაზე. ჩვენ ვცდილობთ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში მოვიძიოთ მეტი ინფორმაცია, როგორც დამკვირვებელმა ორგანიზაციამ, რომ რეალურად, ამ სამწუხარო ფაქტს ხომ არ ჰქონდა ისეთი წინაპირობა, რაც შეიძლება განპირობებული ყოფილიყო გარკვეული პოლიტიკური გადაწყვეტილებებით. ამ ეტაპზე, რთულია საუბარი შეიძლება თუ არა ამ კონკრეტულ შემთხვევას მათ შორის არჩევნებთან და წინასაარჩევნო მოვლენებთან კავშირი ჰქონოდა. ერთი მხრივ, იმედს ვიტოვებ, რომ გამოძიება შეძლებს სწორი პასუხების გაცემას ამ ნაწილში, ხოლო მეორე მხრივ, ჩვენ შევეცდებით, უფრო მეტი ინფორმაცია მოვიძიოთ და ასეთი ინფორმაციის მოპოვების შემთხვევაში, ცხადია, მივაწვდით საზოგადოებას ინფორმაციას”,- აღნიშნა სალაძემ.

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია დედის გარდაცვალებაში განათლების სამინისტროს ადანაშაულებს და შესაბამის ორგანოებს გამოძიების დაწყებას სთხოვს.ია კერზაია გუშინ დილით ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გარდაიცვალა. ის საავადმყოფოში ინსულტის დიაგნოზით მოათავსეს. კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას მასზე განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებდა, რომელსაც, მისი მტკიცებით, კერზაია ხელისუფლებისგან განიცდიდა.

აღნიშნულ სკოლაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გენერალური ინსპექციის სამსახური გასული თვის შუა რიცხვებში შევიდა. უწყების ინფორმაციით, სკოლაში მთელი რიგი დარღვევები გამოვლინდა, რომელთა შორის არის როგორც ადმინისტრაციული, ასევე ფინანსური გადაცდომები. თავად დირექტორი, ია კერძაია გენინსპექციის შესვლას პოლიტიკურ მოტივს უკავშირებდა და სამართლებრივად ბრძოლას აპირებდა. განათლების მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ კი აღნიშნა, რომ სკოლას პოლიტიკაში რთავენ. აბულაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ სამინისტროს დირექტორი არ გაუთავისუფლებია და ინსპექტირების შემდეგ დასკვნა მოამზადა.


ამავე თემაზე:

სამინისტრო კერზაიას გარდაცვალებაზე: სკოლას პოლიტიკურ საკითხებში რთავენ
Print