ახალი ამბები
გუკა ბაძაღუას მხარდამჭერებმა კანცელარიასთან „საკანი“ აიღეს
ზუგდიდელი გუკა ბაძაღუას მხარდამჭერებმა მთავრობის კანცელარიასთან სიმბოლურად დადგმული „საკანი“ აიღეს. აქცია-პერფორმანსის ორგანიზატორების თქმით, მათმა ქმედებამ კონკრეტული შედეგი იმ თვალსაზრისით დადო, რომ მათი მთავარი მესიჯი მკაფიოდ იყო გაჟღერებული და გაცხადებული.

აღნიშნული ინფორმაცია ფეისბუქის საკუთარი გვერდზე ერთ-ერთმა მათგანმა ელიზბარ ხვიჩიამ გამოაქვეყნა.

„ვფიქრობთ, რომ ჩვენი მესიჯი არის მკაფიოდ გაჟღერებული და გაცხადებული. გვჯერა, რომ გვჭირდება მოქმედების უფრო აქტიური და საქმეზე საგნობრივად დაფუძნებული ფაზა. ვფიქრობთ, ჩვენი ადამიანური რესურსის კონსოლოდაციით ახალ ფაზაში შევძლებთ შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯების გადადგმას. ჩვენ მივაღწიეთ რეზონანსს საზოგადოებრივ წრეებში და მედიაში. საქმეში ვამატებთ ადვოკატს და აქტიურ ფაზაში შევდივართ, დავგეგმავთ მზარდ საინფორმაციო აქტივობებს და კვლავინდებურად კონსტრუქციულად შევეცდებით პროცესის მიმდინარეობაში ჩართვას, ეფექტურ კომუნიკაციას ვიქონიებთ საზოგადოებასთან და მედია წყაროებთან, ეფექტიანად გადავინაწილებთ ჩვენს ადამიანურ რესურსს, უფრო ინფორმაციულს და დაწვრილებითს გავხდით ჩვენს მოქმედებებს. ჩვენი პერფორმანსი არ იყო უბრალო გამძლეობის გამოცდა და გვჯერა,გაერთიანებული ძალით შეგვიძლია შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯების გადადგმა“, - წერს ხვიჩია.

თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან გუკა ბაძაღუას მხარდასაჭერად მისმა მეგობრებმა და მხარდამჭერებმა სიმბოლურად საკანი 5 დეკემბერს დადგნენ და იქ 6 ღამე გაათენეს. ბაძაღუას თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა ოქტომბერში შეუფარდა. აღნიშნულ საქმეზე ზუგდიდში აქტივისტებმა დაინტერესება გიორგი გახარაიასაც სთხოვეს. მათი მტკიცებით, ბაძაღუა უდანაშაულოა და მის გათავისუფლებას ითხოვენ. ზუგდიდელ სტუდენტს გამოძიება მძიმე კატეგორიის დანაშაულის დაფარვას ედავება.

ამავე თემაზე:

პროტესტის მეოთხე დღე - გუკა ბაძაღუას მხარდამჭრები აქციის შეწყვეტას არ აპირებენ 

Print