ახალი ამბები
ბანძაში საფლავის გათხრისას ოქროსა და ვერცხლის ნივთები იპოვეს
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბანძაში მოქალაქეებმა საფლავის გათხრისას ოქროსა და ვერცხლის სხვადასხვა ნივთი იპოვეს. ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. უწყების ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 177-მუხლით, რაც ნივთის ფარულად დაუფლებას გულისხმობს.

შს სამინისტროში აცხადებენ, რომ მიმდინარე წლის 24 ნოემბერს ადგილობრივი გარდაცვლილი პირის დასაკრძალად საფლავის გათხრისას მოქალაქეებმა თიხის ქოთანი იპოვეს, რომელშიც მოთავსებული იყო ოქროს და ვერცხლის მონეტები.

„გარდაცვლილი პირის ოჯახმა, რომელსაც მპოვნელებმა ნივთების ნაწილი გადასცეს, ოქროს და ვერცხლის ნივთები ადგილობრივ მუზეუმს გადასცა, სხვა ნაპოვნი ნივთები კი ნივთების მპოვნელმა მოქალაქეებმა ქალაქ ქუთაისში კონკრეტული თანხის სანაცვლოდ ჩააბარეს ოქროს ნივთების სავაჭრო ობიექტში“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

ამავე ცნობით, სამართალდამცველებმა სრულად ამოიღეს ფულის სანაცვლოდ ჩაბარებული ოქროსა და ვერცხლის ნივთები. ექსპერტიზის მიზნით ასევე ამოღებულია მუზეუმისთვის გადაცემული ნივთები და ყველა ნივთი ამ დროისთვის დაცულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ნივთმტკიცებებისთვის განკუთვნილ სპეციალურ ოთახში.

უწყებაში განმარტავენ, რომ მიმდინარეობს კონსულტაციები კულტურის სამინისტროსთან, რათა სათანადო ექსპერტიზის მეშვეობით დადგინდეს რა ნაპოვნი ოქროსა და ვერცხლის ნივთების დათარიღებისა და შეფასების საკითხი. ასევე ფაქტთან დაკავშირებით გრძელდება აქტიურ საგამოძიებო მოქმედებები.
Print