ახალი ამბები
მარტვილის მუზეუმი: მესაფლავეების მიერ ნაპოვნი განძი, სავარაუდოდ, ეკლესიის საკუთრება იყო (ფოტო)
გივი ელიავას სახელობის მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი სოფელ ბანძაში მესაფლავეების მიერ ნაპოვნი განძის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს,  რომლის თანახმად ნაპოვნი ნივთები, სავარაუდოდ, იმ ეკლესიის საკუთრება იყო, რომელიც კომუნისტებმა დაანგრიეს.

alt

ამავე ცნობით, 21 ნოემბერს მესაფლავეებმა მაყვალა კეკელიას საფლავის გაჭრის დროს აღმოაჩინეს ტრაპეზის ქვა და ქვის ქვემოთ ქოთანი ვერცხლისა და ოქროს მონეტებით, ასევე ვერცხლის ბეჭდები ფირუზის თვლებით, რამდენიმე ოქროს ფირფიტა წმინდანების გამოსახულებით.

alt

„ქალბატონი მაყვალა იყო შვილიშვილი ბლაღოჩინ ანტონ კეკელიასი, რომელიც სავარაუდოდ იმ ადგილას იყო დაკრძალული, სადაც ქალბატონ მაყვალას საფლავის გაჭრა მოხდა. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ სიკვდილის წინ ქალბატონმა მაყვალამ შვილებს სთხოვა დაესაფლავებინათ ის არა სოფელ ონოღიაში (მეუღლის გვერდით), არამედ თავისი წინაპრების სამარხში. ვფიქრობთ, რომ განძი, რომელიც მესაფლავეებმა იპოვეს იმ ეკლესიის საკუთრება იყო 1931 წელს კომუნისტებმა რომ დაანგრიეს. როცა მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმისათვის ცნობილი გახდა ამ ამბის შესახებ დავიწყეთ ფაქტების მოძიება, გავესაუბრეთ თვითმხილველებს, მესაფლავეებს, გავიგეთ სავარაუდო მონეტების რაოდენობა“, - აღნიშნულია მუზეუმის განცხადებაში.

alt

მუზუემის ადმინისტრაცია მაყვალა კეკელიას ოჯახს მადლობას უხდის, რომელთაც მათ ხელთ არსებული მონეტების ნაწილი მუზუემს გადასცეს. რაც შეეხება, ლომბარდში ჩაბარებულ ნივთებს, მუზეუმის ინფორმაციით, ლომბარდის მეპატრონემ მხოლოდ რვა ვერცხლის მონეტა და ერთი ფირუზის თვლიანი ბეჭედი დააბრუნა.

„საქმე ძიებაშია და ვფიქრობთ რომ ეს განძი მალე იპოვის თავის ადგილს მუზეუმის საგამოფენო დარბაზებში“, - წერია მუზეუმის გვერდზე.

alt

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბანძაში მოქალაქეებმა საფლავის გათხრისას ოქროსა და ვერცხლის სხვადასხვა ნივთი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 177-მუხლით, რაც ნივთის ფარულად დაუფლებას გულისხმობს.სამართალდამცველებმა სრულად ამოიღეს ფულის სანაცვლოდ ჩაბარებული ოქროსა და ვერცხლის ნივთები. ექსპერტიზის მიზნით ასევე ამოღებულია მუზეუმისთვის გადაცემული ნივთები და ყველა ნივთი ამ დროისთვის დაცულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ნივთმტკიცებებისთვის განკუთვნილ სპეციალურ ოთახში.

ფოტო: მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

ამავე თემაზე:

ბანძაში საფლავის გათხრისას ოქროსა და ვერცხლის ნივთები იპოვეს
Print