ახალი ამბები
ყინულის სახლის რეაბილიტაცია დასრულდა
ზუგდიდის ყინულის სახლში რეაბილიტაციის პროცესი დასრულებულია და მუშაობისთვის მზად არის. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ შპს „Kelvin“-ის დირექტორმა ზურაბ ომიაძემ უთხრა. მისი ინფორმაციით, ყინულის სახლში ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა სამუშაო უკვე დასრულებულია.

„ფაქტობრივად, ჩვენ მზად ვართ, რომ ჩავაბაროთ სამუშაოები მერიას, პრინციპში, ახლა ჩაბარების რეჟიმში ვართ“, - აღნიშნა ომიაძემ.

ზუგდიდის მერიაში კი ამბობენ, რომ რეაბილიტაციის სამუშაოებს ზედამხედველობის სამსახურთან ერთად სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო ამოწმებს და შესაბამისი დასკვნა წლის ბოლომდე მზად იქნება.

„პროცესი მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება, რის შემდეგაც შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც გადაწყვეტს, როდის დაიწყებს ფუნქციონირებას ყინულის სახლი, სავარაუდოდ, მომავალ წელს, თუმცა, დეტალები მას შემდეგ გვეცოდინება, რაც ჩაბარების პროცესი დასრულდება“, - უთხრეს რადიო „ათინათს“ მერიაში.

ბოლოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას მიერ ყინულის სახლის რეაბილიტაცია 407 830 ლარი დაუჯდა. ყინულის მოედნის გახსნა 2014 წლის შემდეგ რამდენჯერმე დაანონსდა, თუმცა ეს დღემდე ვერ მოხერხდა. მოედნის მშენებლობა 2012 წელს დაიწყო, რისთვისაც 5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.


ამავე თემაზე:

ყინულის სახლს რეაბილიტაციას შპს Kelvin ჩაუტარებს
Print