ახალი ამბები
სოფელ რუხში ჩასახლებული დევნილები: გვაწვიმს, არ ვიცით, სად წავიდეთ
ზუგდიდის სოფელ რუხში, "ატეკის" ყოფელ შენობაში ჩასახლებული დევნილები ადგილობრივი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ. მათი თქმით, შენობას, დაახლოებით, 10 დღის წინ ძლიერმა ქარმა სახურავი გადახადა და მისი ბოლომდე შეკეთება ვერ მოხერხდა. კომპაქტურ ჩასახლებაში სულ 13 ოჯახი ცხოვრობს, მათ შორის, მცირეწლოვანი ბავშვები.

"იყო კომისია მოსული და თქვეს, რომ ამის ნაწილობრივ შეკეთება არ გამოვა, მთლიანად არის სახურავი შესაცვლელიო. შემდეგ დაიწყეს მუშაობა, მაგრამ ვერ მოასწრეს, წვიმები დაიწყო. ახლა ოთახებში ისე წვიმს, როგორც გარეთ. მცირეწლოვანი ბავშვით ხელში დავდივართ ოთახიდან ოთახში, სად წავიდეთ, არ ვიცი", - ამბობს აფხაზეთიდან დევნილი სალომე ფაცია.

დევნილები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ადგილზე მისვლას და პრობლემის მოგვარებას ითხოვენ.

ზუგდიდის მერიაში ამბობენ, რომ აღნიშნული პრობლემის შესახებ ინფორმირებულები არიან და ვითარების შესასწავლად ჯგუფი უკვე გავიდა, რომელსაც მერის მოვალეობის შესრულებელი მაიზერ ნანავა ხელმძღვანელობს.

30 ნოემბერს ძლიერმა ქარმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტი მნიშვნელოვნად დააზარალა. სამეგრელოში ძლიერი ქარით გამოწვეული ზარალის ოდენობა 7 მილიონ ლარს აღემატება. სტიქიამ რეგიონის მასშტაბით 698 საცხოვრებელ სახლს სრულად, ან ნაწილობრივ გადახადა სახურავი. რაც შეეხება საბავშვო ბაღების, სკოლებისა და დევნილთა კომპაქტური ჩასახლებების რაოდენობამ 31-ს მიაღწია.

ამავე თემაზე:

სამეგრელოში სტიქიის შედეგად მიყენებულმა ზარალმა 7 მილიონ ლარს გადააჭარბა
Print