ახალი ამბები
ზუგდიდში ია კერზაიას საქმეზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით აქცია გაიმართება
ზუგდიდში, 22 დეკემბერს სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორის ია კერზაიას საქმის გამოძიების მოთხოვნით შეიკრიბებიან. გარდაცვლილის შვილმა ბაჩანა შენგელიამ რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ მან მთავარ პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიების დაწყების მოთხოვნით წერილობით გუშინ, 19 დეკემბერს მიმართა, თუმცა, მისივე ინფორმაციით, გამოძიება ჯერ არ დაწყებულა.

„აქციის მიზანია, რომ კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ მოთხოვნა, რომ დაისაჯოს ყველა დამნაშავე, ვისაც ბრალი მიუძღვის ია კერზაიას გარდაცვალებაში და იმ დანაშაულში, რაც ამ ფაქტს წინ უძღოდა“, - გვითხრა შენგელიამ.

მისივე თქმით, საქმეში აქტიურად ჩაერთო და საკითხზე მუშაობს სახალხო დამცველი.

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია დედის გარდაცვალებაში განათლების სამინისტროს ადანაშაულებს და შესაბამის ორგანოებს გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავს. ია კერზაია 9 დეკემბერს დილით ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გარდაიცვალა. ის საავადმყოფოში ინსულტის დიაგნოზით მოათავსეს. ბაჩანა შენგელია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას მასზე განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებდა, რომელსაც, მისი მტკიცებით, კერზაია ხელისუფლებისგან განიცდიდა.

აღნიშნულ სკოლაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გენერალური ინსპექციის სამსახური გასული თვის შუა რიცხვებში შევიდა. უწყების ინფორმაციით, სკოლაში მთელი რიგი დარღვევები გამოვლინდა, რომელთა შორის არის როგორც ადმინისტრაციული, ასევე ფინანსური გადაცდომები. თავად დირექტორი, ია კერძაია გენინსპექციის შესვლას პოლიტიკურ მოტივს უკავშირებდა და სამართლებრივად ბრძოლას აპირებდა. განათლების მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ კი აღნიშნა, რომ სკოლის პოლიტიკაში ჩათრევას ცდილობენ. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ სამინისტროს დირექტორი არ გაუთავისუფლებია და ინსპექტირების შემდეგ დასკვნა მოამზადა.

ამავე თემაზე:

ია კერზაიას დღეს დაკრძალავენ

განათლების სამინისტრო კერზაიას საქმეზე: არასწორი ინფორმაციის გავრცელება აზიანებს სასწავლო პროცესს

ბაჩანა შენგელია დედის გარდაცვალებაზე: ეს იყო ორგანიზებული მკვლელობა


Print