ახალი ამბები
ზუგდიდში ძალადობის მსხვერპლთა კრიზისული ცენტრი გაიხსნა (ვიდეო)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლთა კრიზისული ცენტრი გაიხსნა. შესაბამისი ფართი ქალთა საკონსულტაციო ცენტრ ,,სახლს“ მუნიციპალიტეტის მერიამ გადასცა. შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარეს და საჭირო ინვენტარით აღჭურვეს.

ცენტრის გახსნამდე, საკონსულტაციო ცენტრის დირექტორმა რუსუდან ფხაკაძემ განხორციელებულ პროექტებზე დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ისაუბრა. შეხვედრას სამოქალაქო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.  

კრიზისული ცენტრი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ფინანსური მხარადჭერით, გაერთიანებული ერების ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისათვის“ ფარგლებში განხორციელდა.

ცენტრი ძალადობის მსხვერპლ ქალებსა და ბავშვებს მოემსახურება. ამ ეტაპზე აქ რამდენიმე კვირის განმავლობაში 5 ოჯახს შეუძლია იცხოვროს, რომელთაც ყველა საჭირო ნივთით და საკვებით მოამარაგებენ.

დღესვე რეაბილიტირებული შენობა მერიის სოციალური დაცვის განყოფილების უფროსმა გოგი რევიამ და ქალთა საკონსულტაციო ცენტრ ,,სახლის“ წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
Print