ახალი ამბები
გამგეობის პრესსამსახურის ყოფილ უფროსს მერია 36 ათას ლარამდე განაცდურს აუნაზღაურებს
ზუგდიდის გამგეობის პრესსამსახურის ყოფილ უფროსს მაია ღურწკაიას მერია 2 წლის განაცდურს აუნაზღაურებს, რაც 35 960 ლარს შეადგენს. შესაბამისი გადაწყვეტილება საკრებულომ დღეს მიიღო.

თავად მაია ღურწკაიამ რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ სამივე ინსტანციაში სასამართლო დავა მოიგო, რაც იმას ნიშნავს, რომ მაშინდელი მერის ლაშა გოგიას ბრძანება ღურწკაიას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია.

„სააპელაციო და უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ჩემი სამსახურში აღდგენის შესახებ, თუმცა ლაშა გოგიას მერობის პირობებში არ მინდოდა მემუშავა. ახლა კი მივმართე აღსრულების ბიუროს. მქონდა სამეგრელოს სხვა მუნიციპალიტეტის მერიებიდან შემოთავაზებები, მაგრამ უარი ვთქვი, რადგან უნდა ვიყო იმ თანამდებობაზე, რომელზეც ვიყავი. მე ვიქნები ალბათ პირველი, ვინც 2 წელი იბრძოლა და დაუბრუნდა თავის სამსახურს“, - აღნიშნა ღურწკაიამ.

გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი, "რესპუბლიკური პარტიის" წევრი მაია ღურწკაია თანამდებობიდან 2016 წლის ნოემბერში, ჩატარებული ატესტაციის შედეგად გაათავისუფლეს. ის სამსახურიდან დათხოვნის მთავარ მიზეზად პოლიტიკურ მოტივს ასახელებს. ღურწკაიამ მერიის მაშინდელი გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა.
Print