ახალი ამბები
თენგიზ ქობალიასა და მასთან ერთად დაკავებულ პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ზუგდიდის მერიის მუნიციპალური სერვისების მართვის სამსახურის ყოფილ უფროსს თენგიზ ქობალიას თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატის სოსო ჯანაშიას ინფორმაციით, მოსამართლემ არ გაიზიარა დაცვის მხარის შეთავაზება 60 ათასი ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებასთან დაკავშირებით.

„მოსამართლის განმარტება იყო, რომ საქმეზე მაღალი საჯარო ინტერესია“, - გვითხრა ჯანაშიამ.

რაც შეეხება ამავე საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებულ ხუტა ბაღათურიას, მისი ადვოკატის ლექსო ღურწკაიას თქმით, პროკურატურის შუამდგომლობა წინასწარი პატიმრობის შესახებ დააკმაყოფილა.

„მოსამართლემ უაპელაციოდ გააზიარა ეს შუამდგომლობა. ჩვენ ვითხოვდით აღმკვეთ ღონისძიებად გირაოს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს, რაც ნიშნავს, რომ ბრალს არ აღიარებს“, - თქვა ღურწკაიამ.

თენგიზ ქობალია, რომელიც ბრალს არ აღიარებს, გუშინ საკუთარ კაბინეტში დააკავეს. გამოძიება მას დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. სუს-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ თენგიზ ქობალიამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის ლაშა გოგიას და ვიცე-მერის გია გულორდავას მიერ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი შეიტყო და აღნიშნულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ აცნობა.


ამავე თემაზე:

ადვოკატი: თენგიზ ქობალია ბრალს არ აღიარებს
Print