ახალი ამბები
ზუგდიდში ახალგაზრდული პოლიტიკის ოთხწლიანი სამოქმედო გეგმა შეადგინეს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ და გენდერულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი და ოთხწლიანი სამოქმედო გეგმა განიხილეს. ინფორმაციას საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

ამავე ცნობით, კომისიის სხდომაზე ახალგაზრდული საქმიანობისა და არაფორმალური განათლების ხელმისაწვდომობაზე, ახალგაზრდების ჯანმრთელობის დაცვისთვის და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზებისთვის შესაბამისი პირობების შექმნასა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას იმსჯელეს.

alt

"სტრატეგია მომზადდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული და გენდერული თანასწორობის საქმეთა განყოფილების, World Vision საქართველოს ,,სამეგრელო - ზემო სვანეთის მხარის განვითარების პროგრამის“, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პარტნიორობის საფუძველზე და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ახალი პროექტის ,,ზრდა საქართველოში“ მიერ", - აღნიშნულია საკრებულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი და ოთხწლიანი სამოქმედო გეგმა უახლოეს საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად განიხილება.
Print