ახალი ამბები
ბაჩანა შენგელია კერზაიას საქმეზე პარლამენტში კომიტეტის სხდომას დაესწრება
ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია დღეს პარლამენტში განათლების კომიტეტის სხდომას დაესწრება, რომელზეც დეპუტატები სამინისტროს ინსპექტირების სამსახურს მოუსმენენ. შენგელიამ რადიო "ათინათს" უთხრა, რომ მას კითხვები აქვს სწორედ აღნიშნული სამსახურის წარმომადგენლებთან და მათ ამ კითხვებს დაუსვამს.

პარლამენტში მოსმენა 6 საათზეა დანიშნული.

კომიტეტის სხდომა კერზაიას საქმეზე 24 დეკემბერს უნდა გამართულიყო, თუმცა 4 დღით, თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის განმარტებით, სრული ინფორმაციის მომზადების მიზეზით გადაიდო. 

ბაჩანა შენგელია დედის გარდაცვალებაში განათლების სამინისტროს ადანაშაულებს და შესაბამის ორგანოებს გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავს. ია კერზაია 9 დეკემბერს დილით ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გარდაიცვალა. ის საავადმყოფოში ინსულტის დიაგნოზით მოათავსეს. ბაჩანა შენგელია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას მასზე განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებდა, რომელსაც, მისი მტკიცებით, კერზაია ხელისუფლებისგან განიცდიდა.

აღნიშნულ სკოლაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გენერალური ინსპექციის სამსახური გასული თვის შუა რიცხვებში შევიდა. უწყების ინფორმაციით, სკოლაში მთელი რიგი დარღვევები გამოვლინდა, რომელთა შორის არის როგორც ადმინისტრაციული, ასევე ფინანსური გადაცდომები. თავად დირექტორი, ია კერძაია გენინსპექციის შესვლას პოლიტიკურ მოტივს უკავშირებდა და სამართლებრივად ბრძოლას აპირებდა. განათლების მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ კი აღნიშნა, რომ სკოლის პოლიტიკაში ჩათრევას ცდილობენ. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ სამინისტროს დირექტორი არ გაუთავისუფლებია და ინსპექტირების შემდეგ დასკვნა მოამზადა.


ამავე თემაზე:

ბაჩანა შენგელია: პროკურატურას საკმაო მტკიცებულება აქვს იმისთვის, რომ გამოძიება დაიწყოს



Print