ახალი ამბები
თბილისში გარდაცვლილ ზუგდიდელ ახალგაზრდას ღორის გრიპი დაუდგინდა
33 წლის ზუგდიდელი მამაკაცს, რომელიც თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში 29 დეკემბერს გარდაიცვალა, H1N1 ვირუსი აღმოაჩნდა. იგი თავდაპირველად  ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში იყო მოთავსებული. როგორც რადიო „ათინათს“ ჰოსპიტალის სამედიცინო მენეჯერმა სულხან ორჟონიამ უთხრა, მათთან ახალი წლის წინა დღეებში ე.წ. ღორის გრიპის დიაგნოზით 3 ადამიანი იყო მოთავსებული, აქედან ორი უკვე გაწერილია, ხოლო ერთი თბილისში გარდაიცვალა.

„სულ სამი შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან ორი გაწერილია, ხოლო მესამე თბილისში გარდაიცვალა. ის შემოყვანის დღესვე გადაიყვანეს თბილისში, ჩვენ გავაკეთეთ კვლევა, რომელის პასუხიც მისი გადაყვანის შემდეგ ჩამოვიდა და მას დაუდასტურდა H1N1“, - ამბობს ორჟონია.

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში დღეს მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციით ხუთი ადამიანი გადის მკურნალობას, აქედან კი ერთ-ერთი მართვით სუნთქვაზეა.

„ამ ეტაპზე მკურნალობას გადის ხუთი პაციენტი, მათ შორის, ერთი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მათ აუღეთ შესაბამისი ანალიზები, რაც კვლევებისთვის არის საჭირო და დაველოდოთ პასუხებს“, - გვითხრა ორჟონიამ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის“საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ ხელმძღვანელის ნანა ოდიშარიას ინფორმაციით, შარშანდელთან შედარებით გრიპის ვირუსით მომართვიანობა გაიზარდა.




Print