ახალი ამბები
ბაჩანა შენგელია:განათლების სამინისტროდან ოფიციალური დოკუმენტაციის ნაცვლად ცარიელი ბლანკი გამომიგზავნეს
ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის შვილი ბაჩანა შენგელია აპირებს, რომ საჯარო ინფორმაციის არგაცემისთვის განათლების სამინისტროს უჩივლოს. ამის შესახებ მან რადიო „ათინათს“ უთხრა. საქმე ეხება მის მიერ სამინისტროდან გამოთხოვილ ია კერზაიას საქმის მასალებს, რომლის პასუხად შენგელიას, მისივე მტკიცებით, არასრული ინფორმაცია და ცარიელი ბლანკი მოუვიდა.


„არცერთ კითხვაზე არ მომსვლია სრულყოფილი პასუხი. მივლინების ხარჯებზე, რომლის ვალდებულება აქვთ, რომ გასცენ საჯარო ინფორმაცია, მომწერეს, რომ ეს ინფორმაცია არ გაიცემა. კონკრეტულ კითხვებზე გამცეს ზოგადი პასუხი და რაც მთავარია, იმ დოკუმენტის გამოთხოვისას, რომლის საფუძველზეც თითქოს შევიდა ინსპექტირება მეექვსე სკოლაში, გამომიგზავნეს ცარიელი ფურცელი“, - გვითხრა შენგელიამ.

alt

მისი თქმით, სწორედ ეს გარემოება დამატებით კითხვებს აჩენს და ამ დოკუმენტების წარდგენას პროკურატურაში აპირებს. გარდა ამისა, შენგელია ამბობს, რომ უახლოეს დღეებში საგამოძიებო უწყებას ვიდეო ფაილებსაც გადასცემს, რომელშიც თავად ია კერზაია და სხვა პირები ზეწოლაზე საუბრობენ.


ბაჩანა შენგელია დედის გარდაცვალებაში განათლების სამინისტროს ადანაშაულებს და შესაბამის ორგანოებს გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავს. ია კერზაია 9 დეკემბერს დილით ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გარდაიცვალა. ის საავადმყოფოში ინსულტის დიაგნოზით მოათავსეს. ბაჩანა შენგელია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას მასზე განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებდა, რომელსაც, მისი მტკიცებით, კერზაია ხელისუფლებისგან განიცდიდა.

აღნიშნულ სკოლაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გენერალური ინსპექციის სამსახური გასული თვის შუა რიცხვებში შევიდა. უწყების ინფორმაციით, სკოლაში მთელი რიგი დარღვევები გამოვლინდა, რომელთა შორის არის როგორც ადმინისტრაციული, ასევე ფინანსური გადაცდომები. თავად დირექტორი, ია კერძაია გენინსპექციის შესვლას პოლიტიკურ მოტივს უკავშირებდა და სამართლებრივად ბრძოლას აპირებდა. განათლების მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ კი აღნიშნა, რომ სკოლის პოლიტიკაში ჩათრევას ცდილობენ. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ სამინისტროს დირექტორი არ გაუთავისუფლებია და ინსპექტირების შემდეგ დასკვნა მოამზადა.

ამავე თემაზე:

ია კერზაიას საქმის განხილვა პარლამენტში ისევ გადაიდო

Print