ახალი ამბები
სტუდენტი საკრებულოს დეპუტატებს: თქვენი კამათი ჩვენს თვალში ცუდი საყურებელია (ვიდეო)
ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე ერთ-ერთმა სტუდენტმა ჭაბუკა ჯიქიამ საკრებულოს დეპუტატებს მიმართა და მოუწოდა, ხმამაღალი კამათისგან თავი შეიკავონ. მან სხდომაზე თქვა, რომ დეპუტატების კამათისგან ახალგაზრდები შეწუხდნენ.

„პირად კონფლიქტში გადასული და თემას აცდენილი დიალოგები ძალიან ცუდია. როცა ამას ახალგაზრდები ნახავენ, არცერთს არ მოუნდება აქ დასაქმება თუ სტაჟირების გავლა“, - თქვა ჯიქიამ.



აღნიშნულზე ენმ-ის წევრმა ანა წითლიძემ მას უპასუხა, რომ სწორედ კამათში იბადება ჭეშმარიტება და ისინი პირად საკითხზე არ კამათობდნენ. 

რეპლიკა სხდომაზე თავმჯდომარის მოადგილის თამაზ ფაცაციასა და ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის მწვავე დაპირისპირებას მოჰყვა. ფაცაციამ იკითხა, რატომ არ ფუნქციონირებს კინოთეატრი ზუგდიდში, რაზეც ბათლომე შელიამ და ანა წითლიძემ უპასუხეს, რომ კარგი იქნებოდა, საკითხის შესწავლა ყველა მიმართულებით, მათ შორის, მიმდებარე ტერიტორიის გასხვისებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის კუთხითაც დაეწყოთ.

ერთადერთი კინოთეატრი "ატრიუმი" წლების წინ დაიხურა.

Print