ახალი ამბები
ჩხოროწყუელი მეღვინე ბორდოში კოლხური ქალ-ღვთაების ქანდაკების დადგმას გეგმავს
ჩხოროწყუელი მეღვინე, კოლხური ვაზისა და ღვინის ასოციაციის თავმჯდომარე მიხეილ ცირდავა ბორდოში ღვინის ცივილიზაციათა მსოფლიო ცენტრისთვის საჩუქრად კოლხური ქალ-ღვთაების ქანდაკების გადაცემას გეგმავს. ცირდავამ რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ მანამდე უძველესი მეგრული ვაზის ჯიშებისგან დაწურულ ღვინოსთან ერთად ქანდაკებას ჯერ ამერიკაში, შემდეგ კი ესპანეთში ამოგზაურებს. ცირდავამ ქანდაკება ოსტატ ჯუმბერ ჯიქიას საკუთარი ხარჯებით დაამზადებინა.

„ეს არის ქალბატონი ცალ ხელში ღვინით სავსე თასით, მეორეში კი ყრმა უჭირავს. ფაქტობრივად, მეძუძური დედა ღვინის ღირსებას უყოფს ყურადღებას. ეს ერთგვარი გამოძახილია იმისა, თუ რა მაღალ დონეზე იყო ჩვენში განვითარებული სტუმართმოყვარეობა, ღვინის კულტურა. ეს ძეგლი ბევრად მნიშვნელოვანია თავისი შინაარსით ვიდრე ის "თამადა", რომელიც ვანშია აღმოჩენილი და რომლითაც ხდება საქართველოს, როგორც მეღვინეობის სამშობლოს პოზიციონირება. მინდა, რომ ეს ქანდაკება იქცეს სავიზიტო ბარათად სამეგრელოსი, კოლხეთის“, - გვითხრა ცირდავამ.

alt

ის აპირებს, რომ გაზაფხულზე ვაშინგტონში მეგობრების დახმარებით უძველესი ვაზის ჯიშებისგან დაწურული ღვინო წარადგინოს, ზაფხულში კი სიმპოზიუმზე ესპანეთში გაემგზავრება, რის შემდეგაც ბრინჯაოს ქანდაკება საფრანგეთში, ღვინის ცივილიზაციათა მსოფლიო ცენტრში მუდმივმოქმედ ექსპოზიციად დაიდებს ბინას.

„აქ, შესასვლელში უკვე დგას ქვევრი, შიგნით კი ეს ქანდაკება იქნება და ჩვენი სიამაყის კიდევ ერთი წერტილი გაჩნდება მსოფლიოში“, - აღნიშნა მეღვინემ.

გვიან ბრინჯაოს ხანის, ძვ. წ. აღ-ით VIII-VII საუკუნის ბრინჯაოს ქალ-ღვთაების ქანდაკებები არქეოლოგებმა ცაიშის სამარხებში აღმოაჩინეს.

მისი ანალოგი დადიანების სასახლეთა ისტორიულ–არქიტექტურული მუზეუმის შესასვლელ ჭიშკართან დაიდგა, თუმცა ის გასული წლის მაისში დააზიანეს. მისი აღდგენა, ჯერჯერობით, ვერ მოხერხდა.

ამავე თემაზე:

დადიანების ეზოში ქანდაკების დაზიანების ფაქტზე ჯერ არავინ დაუკავებიათ


Print