რეგიონი
გალის რაიონულ საავადმყოფოში გრიპის სიმპტომებით 8 ადამიანი მკურნალობს
გალის რაიონულ საავადმყოფოში გრიპის სიმპტომებით 8 პაციენტი მკურნალობს, რომელთაც სამედიცინო დაწესებულებას 13 იანვარს მიმართეს. ამის შესახებ აფხაზურ მედიას პედიატრიული განყოფილების მთავარმა ექიმმა განუცხადა. მისი თქმით, გართულებული შემთხვევები არ ყოფილა, თუმცა, გრიპით დაავადების ფაქტები გახშირდა. 

„ღორის გრიპის სიმპტომები არც ერთს არ აღენიშნება. დღეს 8 ადამიანმა მოგვმართა“, - აღნიშნა გამისონიამ.

მედიკოსი მიმართვიანობის ზრდას, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ე.წ. ღორის გრიპის ვირუსის გავრცელებას უკავშირებს.

"საზღვრის გადაკეტვის გამო ადამიანები აღელვებულები არიან, აქედან გამომდინარე, თუ ადრე სახლში მკურნალობდნენ, ახლა უკვე ექიმებს მიმართავენ", - განაცხადა გამისონიამ.

მისივე თქმით, გალის რაიონში არ არსებობს ლაბორატორია, რომელშიც ზუსტად დაადგენდნენ გრიპის ვირუსის შტამს. 

დე ფაქტო აფხაზეთის მთავარი სანიტარული ექიმი ლუდმილა სკორიკი მოსახლეობას მოუწოდებს, არ აყვნენ პანიკას და უარყოფს სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გალის რაიონში ღორის გრიპისგან პაციენტები გარდაიცვალნენ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ გალის რაიონიდან საგანგაშო ინფორმაცია არ მიუღია.

Print