ახალი ამბები
ჭუბერის სტიქიით დაზარალებულთა უმეტესობამ კომპენსაცია მიიღო
ჭუბერში, 2018 წლის ზაფხულში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული 17 ოჯახიდან 14-მა ოჯახმა კომპენსაცია მიიღო. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ და ჭუბერის ყოფილმა გამგებელმა ნინო ვიბლიანმა უთხრა. მისივე ინფორმაციით, დარჩენილ სამ ოჯახსაც თანხა 20 იანვრამდე ჩაერიცხება.

„დამოუკიდებელმა ექსპერტმა აღწერა ზარალის ოდენობა და თითოეული ოჯახმა ზარალის შესაბამისად მიიღო კომპენსაცია. ტექნიკური მიზეზების გამო, სამ ოჯახს ჯერ არ ჩარიცხვია, თუმცა უახლოეს სამ დღეში ჩაერიცხებათ. რაც შეეხება ზარალს, სულ საუბარია, დაახლოებით, მილიონ 39 ათას ლარზე, რომელთაგან 500 ათასი სახელმწიფოსგან მივიღეთ, დანარჩენი კი მესტიის ბიუჯეტიდან გამოიყო“, - გვითხა ვიბლიანმა.

ჩვენს კითხვაზე, რატომ ვერ მოხერხდა ამ დრომდე ზარალის ანაზღაურება, გუბერნატორის მოადგილემ განგვიმარტა, რომ ეს შესაბამის პროცედურებსა და ტექნიკურ საკითხებს უკავშირდებოდა.

გასული წლის 5 ივლისს ჭუბერში, ხორკალის მთის ნაწილის ჩამოშლის შემდეგ მდინარე ნენსკრა ადიდდა. სტიქიის შედეგად დაზიანდა საავტომობილო გზა, მოვარდნილმა მდინარემ სოფელში არსებული რამდენიმე ხიდი და სახნავ-სათესი სავარგულები წაიღო. ნაწილობრივ და სრულად დაინგრა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და დამხმარე ნაგებობები.

ფოტო: ლევან გაბეჩავა

ამავე თემაზე:

ჭუბერში სტიქიით მიყენებული ზარალის ოდენობა ჯერ არ დაუთვლიათ

დატბორილი ჭუბერი - ფოტორეპორტაჟი სტიქიის ზონიდან

სტიქია ჭუბერში - ჩამოშლილი მთის ნაწილი, წაღებული ხიდები და დატბორილი ტერიტორიები (ვიდეო)

Print