ახალი ამბები
ავტოტექცენტრის დირექტორი: რიგები „ჭკვიანი კამერებით“ დაჯარიმების შემდეგ დადგა (ვიდეო)
ზუგდიდში, ტექნიკური ინსპექტირების ერთადერთ ცენტრში, რამდენიმე დღეა, რიგებია. ამასთან  დაკავშირებით მძღოლებს პრეტენზიები აქვთ. ამბობენ, რომ მთელი დღის და ხანდახან, ორი დღის განმავლობაშიც უწევთ რიგში ყოფნა, რომ მათმა ავტოტრანსპორტმაც გაიაროს ტექდათვალიერება.

„დილის შვიდი საათიდან ვარ რიგში. ძალიან ცუდი ორგანიზებულია. შეიძლებოდა ონლაინ ჩაწერა ყოფილიყო ან უფრო მოეწესრიგებინათ ეს რიგების პრობლემა. იმედი მაქვს, რომ მოგვარდება ესეც. რაც შეეხება ტექდათვალიერებას - ამ გადაწყვეტილებას მივესალმები. თითოეულმა მოქალაქემ უნდა მოაწესრიგოს მანქანა“, - თქვა მძღოლმა ლაშა თავდიშვილმა.
alt
მათი პრეტენზიების პასუხად ცენტრის დირექტორი ამბობს, რომ ცოცხალი რიგია და ერთ მანქანას, დაახლოებით, 15-20 წთ სჭირდება.

ზურაბ ჯღარკავას ინფორმაციით, მანქანების რაოდენობა, თითქმის, 5-ჯერ მას შემდეგ გაიზარდა, რაც ცნობილი გახდა, რომ ინსპექტირების გაუვლელობის შემთხვევაში მძღოლები „ჭკვიანი კამერების“ საშუალებითაც დაჯარიმდებიან.

„6 წელია ჩვენი ცენტრი ფუნქციონირებს და ფაქტობრივად, ჩათვალეთ, რომ ბოლო თვეებია, რაც რეალურად დავიწყეთ მუშაობა. როგორც კი ტელევიზიით გამოცხადდა, რომ „ჭკვიანი კამერებით“ დაჯარიმება ამოქმედდა, მეორე დღიდანვე გაჩნდა რიგები. დღეში საშუალოდ ვატარებთ 50 ავტომანქანას, როცა ადრე დღეში 10 მანქანა იყო ხოლმე", - აღნიშნა ჯღარკავამ.

როგორც ჯღარკავა ამბობს, მოყვანილი ტრანსპორტის 50% ტექდათვალიერებას ვერ გადის.

„50% კი ვერ გადის შემოწმებას. ხარვეზები არის ყველანაირი: გამონაბოლქვი, გაუმართავი ელექტრომოწყობილობა და მუხრუჭი, არის შეუსაბამო ვიზუალი, ფაქტობრივად, იატაკი არ აქვს მანქანას და მოდის“, - ამბობს შპს "ავტოტექცენტრის" დირექტორი ზურაბ ჯღარკავა.

მძღოლების ნაწილი მიიჩნევს, რომ ტექდათვალიერება საჭიროა, თუმცა ზუგდიდში მოუწესრიგებელი გზების გამო მისი სავალდებულოდ შემოღება ნაადრევია.

„საჭიროა ტექდათვალიერება, თუმცა ზუგდიდში გზები ცუდ მდგომარეობაშია. რაც არ უნდა გავუკეთო ამ მანქანას, ისეთი გზებია, რომ ერთ წელიწადსაც ვერ გასტანს, ისევ მისახედი იქნება“, - აღნიშნა მძღოლმა ემზარ ბერიშვილმა.

2018 წლის 1-ელი იანვრიდან ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერების შესახებ კანონი ძალაში შევიდა. 14 იანვრიდან კი "ჭკვიანი კამერები" დააჯარიმებენ იმ ავტომობილებს, რომლებსაც სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება გავლილი არ აქვთ.

Print