ახალი ამბები
ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები სტუდენტები დახმარებას ითხოვენ
ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები სტუდენტები, რომლებიც საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უნივერსიტეტებში სწავლობენ, დახმარებას შესაბამის უწყებებს სთხოვენ. ერთ-ერთმა მათგანმა რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ ახლა გამოცდებისა და შუალედურების პერიოდია და ენგურის ხიდზე ე.წ. საზღვრის ჩაკეტვის გამო უნივერისტეტში მისვლას ვერ ახერხებენ.

„ჩემს მდგომარეობაში, დაახლოებით 20-მდე სტუდენტია. თუმცა არიან ისეთებიც, ალბათ, ვისაც არ ვიცნობ. უბრალოდ, გვინდა, რომ მოგვეცეს წასვლის და სწავლის ჩვეულებრივად გაგრძელების საშუალება“, - გვითხრა მან.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში გვითხრეს, რომ იმ სტუდენტებს, რომლებიც ამჟამად დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლების მიერ გამოცხადებული კარანტინის გამო ოკუპირებულ ტერიტორიაზე არიან, უნივერსიტეტთან შუამდგომლობენ. ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლის მარინა შენგელიას ინფორმაციით, მათ ამ ეტაპზე მხოლოდ ორი სტუდენტი დაუკავშირდა.

„ერთ-ერთი გოგონას საკითხი, რომელიც ოკუპირებულ გალში საახალწლო არდადეგებზე იყო და ენგურის ხიდზე ე.წ. საზღვრის დაკეტვის გამო ვერ გადმოდის ჩვენ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, უკვე მოგვარებულია. მეორე გუშინ დაგვიკავშირდა და ორშაბათიდან შევუდგებით საქმეს. ჯერჯერობით, მხოლოდ ერთ უნივერსიტეტთან - სეუსთან გვქონდა კომუნიკაცია და უნივერსიტეტი გაგებით ეკიდება ამ სიტუაციას. ვფიქრობთ, რომ სხვა საგანმანათლებლო დაწესებულელებიც გამოთქვამენ მზაობას და გაითვალიწინებენ ამ მდგომარეობას. შესაბამისად, სტუდენტებს არც რამე ადმინისტრაციული სახდელი დაეკისრებათ და კარანტინის მოხსნის შემდეგ, როცა შეძლებენ გადმოსვლას, ჩვეულებრივად განაგრძობენ სწავლას“, - უთხრა რადიო „ათინათს“ შენგელიამ. ის იმედოვნებს, რომ ე.წ. საზღვარი მალე გაიხსნება.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, "საქართველოს ტერიტორიაზე არასახარბიელო ეპიდემოლოგიური სიტუაციის" გამო, რაც დაკავშირებულია გრიპის H1N1 ვირუსის "აფეთქებასთან", ოკუპირებული აფხაზეთის უსაფრთხოების სამსახურმა ათ იანვარს 20 საათზე ორი თვით შეზღუდვები დააწესა ადმინისტრაციულ საზღვარზე.ამავე ინფორმაციით, შეზღუდვები ოღი თვის განმავლობაში იმოქმედებს.


ამავე თემაზე:

სოხუმი: ენგურის ხიდის გადაკვეთას გარკვეული კატეგორიის მოქალაქეები შეძლებენ
Print