რეგიონი
მოუწესრიგებელი პარკინგის პრობლემა ჩხოროწყუში (ვიდეო)
ჩხოროწყუში ე.წ. ბაზრობის დღეები კვირაში სამჯერაა. მოსახლეობა ასეთ დროს ქალაქის ცენტრალური ნაწილის გადატვირთვას უჩივის. ადგილობრივები ამბობენ, რომ ავტომანქანების მოძრაობა უკონტროლო ხდება, რაც პრობლემას ქვეითებსაც უქმნის და მძღოლებსაც. მათივე თქმით, გადატვირთული მოძრაობა ფეხით მოსიარულეებსაც უქმნის საფრთხეს, ხოლო ტროტუარები ავტოსადგომებად არის გამოყენებული.



,,ტროტურარებზეც და ზებრა გადასასვლელებზე აპარკინგებენ მძღოლები მანქანას. ჩემი აზრით, უნდა დაიდგას საგზაო ნიშნები, რომლებიც მოაწესრიგებენ ქალაქში ავტომობილების პრობლემას და ქვეითების უსაფრთხო გადადგილებას’’ - ამბობს მოქალაქე ბაჩანა აბაკელია.



,,აუცილებლად უნდა იყოს დაცული უსაფრთხოება, როგორც მძღოლის, ასევე ქვეითად მოსიარულის’’ - გვითხრა ქალაქის მკვიდრმა ლაშა მებონიამ.



ჩხოროწყუს მერიაში გვითხრეს, რომ პრობლემის შესახებ ინფორმირებულები არიან.



„ მიზანშეწონილად ვთვლით, რომ ქალაქში გამოყოფილი იყოს შესაბამისი ადგილები, სადაც მძღოლებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ ავტომობილები მოწესრიგებულად დააპარკინგონ“, - თქვა ჩხოროწყუს გამგებლის პირველმა მოადგილემ გოჩა ჩიქოვანმა. მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე მუშაობას უახლოეს მომავალში დაიწყებენ.


ავტორი:
ალექსი შამათავა





Print