ახალი ამბები
გალის მკვიდრი: ხიდზე რიგებია, ზუგდიდში ვერ გადმოვდივართ
ოკუპირებული აფხაზეთში მცხოვრებლები ენგურის ხიდზე ე.წ. საზღვრის გახსნას დღეს ელოდებოდნენ, თუმცა გადმოსვლას  ვერ ახერხებენ. როგორც რადიო „ათინათს“ ერთ-ერთმა მოქალაქემ უთხრა, დილის ცხრა საათიდან ე.წ საზღვართან იმის იმედით დგას, რომ ზუგდიდში გადმოსვლას შეძლებს. მისი ინფორმაციით, გამშვებ პუნქტთან ოკუპირებული აფხაზეთის სხვადასხვა სოფლიდან 100-ზე მეტი მოქალაქე დგას, არიან ბავშვები და სტუდენტებიც.

„დილის ცხრა საათიდან აქ ვდგავარ, გვეგონა, რომ დღეს გაიხსნებოდა. უმეტესობა სახლებში დაბრუნდა. ნაწილი ვრჩებით, რაღაცას თათბირობენ, ალბათ ბავშვიანების და სტუდენტების გაშვებაზე. კიდევ ორი თვე არ გაიხსნებაო. არ ვიცით, რა მიზეზით, ამბობენ, ღორის გრიპის გამოო, მაგრამ ეს არავინ იცის“, - ამბობს გალში მცხოვრები, რომელმაც სახელის და გვარის დასახელება არ ისურვა.

მისივე ცნობით, ზუგდიდში მხოლოდ იმ პირებს უშვებენ, ვისაც სპეციალური საშვი ან ჯანმრთელობის ცნობა აქვს. გადასვლა ასევე დაშვებულია ზუგდიდიდან აფხაზეთისკენ მიმავალთათვის.

შესაბამის უწყებებს დახმარებას სთხოვენ სტუდენტები, რომლებიც საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უნივერსიტეტებში სწავლობენ.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ უსაფრთხოების სამსახურმა შეზღუდვები 10 იანვარს, ორი თვით, დააწესა. ამის მიზეზად საქართველოს ტერიტორიაზე არასახარბიელო ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დასახელდა.

ამავე თემაზე:

ოკუპირებულმა აფხაზეთმა ენგურის ხიდზე მიმოსვლა ორი თვით შეზღუდა

ენგურის ხიდზე მიმოსვლა შეიზღუდა (ვიდეო)

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები სტუდენტები დახმარებას ითხოვენ 
Print