რეგიონი
აფხაზეთში რუსეთის მოქალაქის მკვლელობაში ეჭვმიტანილები დააკავეს
რუსეთის მოქალაქის მიხეილ მასლოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი, სოფელ კვიტოულის ორი მკვიდრი, სამართალდამცავებმა დააკავეს. ინფორმაციას „რესპუბლიკის გენერალური პროკურორის თანაშემწე საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში“ დაურ ამიჩბა ავრცელებს. ამავე ცნობით, დაკავებულები დაიკითხნენ და ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ, წერს „აბხაზია ინფორმი“.

მკვლელობა ოჩამჩირის რაიონის სოფელ ტამიშში 14 იანვარს მოხდა. მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ორმა პირმა კოსტრომის მკვიდრს ესროლა და მიიმალა. მოკლული ორი შვილის მამაა, ის აფხაზეთში ოჯახთან ერთად 5 წლის წინ ჩამოვიდა და ავტომექანიკოსად მუშაობდა.

ფაქტზე გამოძიება ოჩამჩირის რაიონულმა პროკურატურამ დაიწყო . მოკლულის ცხედარი რუსეთში 17 იანვარს გადაასვენეს. მისი მეუღლე ტატიანა მასლოვა ბავშვებთან ერთად აფხაზეთში რჩება.
Print