ახალი ამბები
ციხელაშვილი აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას მოუწოდებს საზღვრის გადაკეტვის გადაწყვეტილებას გადახედონ
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა აფხაზეთის რეგიონის
მიმართულებით გამშვები პუნქტის ჩაკეტვის შესახებ განცხადება გააკეთა. მინისტრი დე ფაქტო მთავრობას მოუწოდებს, რომ გადახედოს ენგურის ხიდის ჩაკეტვის გადაწყვეტილებას. მისივე თქმით, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ოსეთში მოსახლეობას საკვებ პროდუქტებზე წვდომის პრობლემა აქვს.

„ეს არაჰუმანურია, არავის ინტერესებს და დამერწმუნეთ, ამ რეგიონების მოსახლეობა ძალიან წუხს. ჩვენ არაერთი მომართვა გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ მოსახლეობას საკვებ პროდუქტებზე წვდომის პრობლემა აქვს. 12 დღეა, რაც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა,ფაქტობრივად, სრულ იზოლაციაშია", - განაცხადა ციხელაშვილმა.

მინისტრის თქმით, გადაადგილების აღსადგენად ქართული მხარე, პარტნიორებთან ერთად 24 საათიან რეჟიმში მუშაობს.

“არ არსებულ ეპიდემიაზე აპელირებით ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვას არანაირი გამართლება არ აქვს, რადგან მდგომარეობა არაა ეპიდემიური და რაიმეთი უარესი წინა წლებთან შედარებით. პირიქით, გაუმჯობესებულია. ამიტომ ეს არ არის ადეკვატური საბაბი. მივმართავ ყველას, რომ გადაიხედოს ეს არა მხოლოდ უკანონო, არამედ არაჰუმანური გადაწყვეტილებაა. ჩვენი და ჩვენი პარტნიორების მხრიდან შეთავაზებულია აბსოლუტურად ყველა გზა და გამოსავალი, რათა ამ საკითხს მივხედოთ და მოსახლეობას საკვების პრობლემა არ გავუჩინოთ. მოვუწოდებ, რომ ნაბიჯები აქეთკენ გადაიდგას,“ - აღნიშნა მან.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ უსაფრთხოების სამსახურმა შეზღუდვები 10 იანვარს, ორი თვით, დააწესა. ამის მიზეზად საქართველოს ტერიტორიაზე არასახარბიელო ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დასახელდა.
Print