რეგიონი
ტაქსის მძღოლები: ზუგდიდის ბაზრის წინ მუშაობას გვიზღუდავენ (ვიდეო)
ზუგდიდის ცენტრალური სუპერმარკეტის წინ განთავსებული ტაქსების სადგომზე მერიის თანამშრომლებმა დღეს შესაბამის ტრაფარეტი აიღეს. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ თავად ტაქსის მძღოლებმა უთხრეს. მათი თქმით, ისინი აქ, წლებია, მუშაობენ და ადგილის დატოვებას არ აპირებენ.

„მოვიდნენ, არაფერი უთქვამთ, ისე აიღეს ტრაფარეტი. თუ დღესვე არ აგვიხსნიან, რა ხდება და არ მოგვცემენ ისევ მუშაობის საშუალებას, არ შევეგუებით, რა თქმა უნდა და გზასაც გადავკეტავთ“, - გვითხრეს მძღოლებმა. 
alt

ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია ამბობს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით სატრანსპორტო სამსახურთან მუშაობა მიმდინარეობს.

„პარკირების წესების ამუშავება მოაგვარებს ტაქსისტების გაჩერების ადგილსაც. გარკვეულწილად გვქონდა ქაოსი, რადგან იქ გაჩერების ნაცვლად მიმდინარეობდა გარევაჭრობა. ჩვენი პრინციპია, რომ გავათავისუფლოთ ბაზრის წინა ტერიტორია, რომელიც გაუვალი იყო ქვეითებისთვისაც და ტრანსპორტისთვისაც. საკითხი გადაწყდება ისე, როგორც იქნება მიზანშეწონილი. მათ შეეძლებათ დგომა იქ, სადაც დაშვებულია“, - აღნიშნა წოწერიამ.

რადიო "ათინათი" ზუგდიდის მერიის კომენტარს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
Print