რეგიონი
თემურ ნადარაია გალელების მოთხოვნაზე: საქართველოსთან ორმაგ მოქალაქეობას არ დავუშვებთ
გალის რაიონის მცხოვრებლებმა ენგურის ხიდის დაკეტვა და დე ფაქტო აფხაზეთის ტერიტორიაზე ძველი ნიმუშის აფხაზური პასპორტების გაუქმება გააპროტესტეს. ამასთან დაკავშირებით, 80 - მდე მოქალაქე რაიონული ადმინისტრაციის შენობასთან გუშინ შეიკრიბა და აქცია მოაწყო. მოგვიანებით, მათ გალის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თემურ ნადარაია შეხვდა, რომელიც არსებული სიტუაციით უკმაყოფილო გალელებს გაესაუბრა, ინფორმაციას "გალ ტვ" ავრცელებს. 

ენგურის ხიდზე დაწესებულ კარანტინზე საუბრისას ნადარაიამ აღნიშნა, რომ ეს ზომა საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გავრცელებული გრიპის ვირუსის პრევენციის მიზნით მიიღეს. მან მოსახლეობას შეახსენა, რომ 2015 წელს, გალის რაიონში გრიპის ვირუსით გარდაცვალების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა.

„კარანტინი შემოიღო მთავარმა სანიტარულმა ექიმმა და არა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, იმ მიზნით, რომ ვირუსი აფხაზეთის ტერიტორიაზე არ გავრცელდეს... ჩვენ დღესაც ვატარებთ ენგურის ხიდზე იმ ადამიანებს, ვინც საქართველოში ქიმიოთერაპიას იტარებს, ვისაც C ჰეპატიტი აქვს, ასევე სტუდენტებს“,- განაცხადა სააქტო დარბაზში გამართულ შეხვედრაზე თემურ ნადარაიამ.

იქ შეკრებილების ნაწილმა შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ მიუხედავად იმისა, რომ მათ დიდი ხანია ჩააბარეს ყველა საჭირო საბუთი „ახალი აფხაზური პასპორტის" მისაღებად, მათ დღემდე არ მიუღიათ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები.

გავრცელებული ინფორმაციით, გალის მცხოვრებლებზე, რომლებსაც აქამდე ძველი ნიმუშის „აფხაზური პასპორტები“ ჰქონდათ, მხოლოდ „ბინადრობის უფლებას“ გასცემენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ „დროებითი მცხოვრებლის სტატუსი“ მიენიჭებათ. გალის ერთ-ერთმა მცხოვრებმა, რომელიც ვინაობას უსაფრთხოების მიზნით არ ასახელებს, ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ ადმინისტრაციული საზღვრის კარანტინის გამო გადაკეტვა მხოლოდ საბაბია. მისი თქმით ადგილობრივი ხელისუფლება გალის მოსახლეობას აიძულებს „ბინადრობის უფლების“ აღებას, რათა შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში „მათი დეპორტირება მარტივად მოახდინოს“.

„მე პასპორტი ოჩამჩირეში მივიღე, იქიდან ამოვეწერე და აქ გალში ჩავეწერე, აქ ვმსახურობდი ორი წელი, მე დავდიოდი რუსეთში, გაგრასა და ბიჭვინთაშიც ვმუშაობდი, მე პასპორტი მქონდა. ახალი პასპორტის გარეშე პურის ფულსაც ვერ ვშოულობ. რა პრივილეგია უნდა მომცეს „ბინადრობის უფლებამ“, როდესაც, ვერსად ვერ ვიწყებ მუშაობას", - თქვა კრებაზე მისულმა ახალგაზრდა მამაკაცმა.

თემურ ნადარაიამ განმარტა, რომ ეს მოთხოვნა საქართველოსთან ორმაგი მოქალაქეობის დამყარებას ნიშნავს, მან აღნიშნა, რომ „აფხაზეთის რესპუბლიკა ორმაგ მოქალაქეობაა მხოლოდ რუსეთის ფედერაციასთან უშვებს“.

„თქვენ რასაც ითხოვთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ერთდროულად საქართველოს და აფხაზეთის მოქალაქეობა უნდა მიიღოთ. არც ერთი პოლიტიკოსი სოხუმში ამას არ დაუშვებს“, - თქვა ნადარაიამ.

შეხვედრის დასრულებისას, მან განაცხადა, რომ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესების შემთხვევაში, ისინი ადმინისტრაციულ საზღვარზე დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების საკითხს განიხილავენ.

Print