რეგიონი
საგარეო უწყება: საქართველო მხარს უჭერს ხუან გუაიდოს ვენესუელას დროებით პრეზიდენტად აღიარებას
საქართველო ვენესუელას დროებით პრეზიდენტად აღიარებს ვენესუელას ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს, ხუან გუაიდოს და სრულ ნდობას უცხადებს ხალხის მიერ არჩეულ ქვეყნის ერთადერთ ლეგიტიმურ ორგანოს, ეროვნულ ასამბლეას. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

განცხადებაშია აღნიშნული, საქართველომ უკვე არაერთგზის დააფიქსირა საკუთარი მტკიცე პოზიცია, რომ არ ცნობს ნიკოლას მადუროს ქვეყნის ლეგიტიმურ პრეზიდენტად და არ აღიარებს 2018 წლის 20 მაისს ვენესუელაში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს.

საქართველო იმედს გამოთქვამს, რომ ვენესუელას ლეგიტიმური ხელისუფლება მტკიცედ დაუჭერს მხარს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა სუვერენიტეტის,ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვეობის პატივისცემის თაობაზე.
ვენესუელის ოპოზიციის ლიდერის დროებით პრეზიდენტად აღიარების შესახებ განცხადება საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დავით ზალკალიანმაც გააკეთა. მან ამის შესახებ Twitter-ზე დაწერა.

ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა ხუან გუაიდომ, რომელიც ოპოზიციის აქციის ორგანიზატორია, 23 იანვარს “მოქმედ პრეზიდენტად” გამოაცხადა.
დემონსტრაციების დაწყებამდე აშშ-ის მთავრობამ გუაიდოს მხარდაჭერის შესახებ განაცხადა და მადუროს წასვლისკენ მოუწოდა.
Print