რეგიონი
სოხუმმა ნიკოლას მადუროს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკა "სრულ მხარდაჭერას უცხადებს კანონიერად არჩეულ პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს და იმედოვნებს, რომ ვენესუელაში წარმოქმნილი შიდაპოლიტიკური კრიზისი ისე გადაწყდება, რომ კონსტიტუციის ფარგლებს არ გასცდება" , – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყება ვენესუელაში მიმდინარე მოვლენებზე ვაშინგტონის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ვენესუელას შიდაპოლიტიკურ პროცესებში ჩარევის ნებისმიერი მცდელობა დაუშვებელია.

“ამერიკული პოლიტიკური ისტებლიშმენტისთვის დამახასიათებელი ცინიკურობით, აშშ-ის ხელისუფლება უცერემონიოდ ერევა სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში და ისედაც რთული სიტუაციის ესკალაციას ახდენს. მსგავსი განცხადებები სხვა არაფერია, თუ არა ღია მოწოდება სახელმწიფო გადატრიალებისკენ“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ვენესუელამ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა 2008 წლის სექტემბერში აღიარა.

ვენესუელის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ხუან გუაიდომ ქვეყნის დროებით პრეზიდენტად გუშინ, 23 იანვარს გამოაცხადა თავი და ფიცი დადო. მან განაცხადა, რომ გადაწყვეტილი აქვს, შეწყვიტოს ხელისუფლების უზურპაცია, შექმნას გარდამავალი მთავრობა და ჩაატაროს პატიოსანი საპრეზიდენტო არჩევნები. ვენესუელაში გრძელდება აქციები პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ.

ვენესუელის დროებით პრეზიდენტად ხუან გუაიდოს აღიარებას მხარდაჭერა აღუთქვეს აშშ-მ, კოლუმბია, ბრაზილიამ, პერუმ, არგენტინამ, ჩილიმ, პარაგვაიამ, ეკვადორმა, პანამამ, გვატემალამ, კოსტა-რიკამ და ჰონდურასმა, ასევე კანადამ და საქართველომ.

ნიკოლას მადუროს მხარდაჭერა გამოუცხადეს ბოლივიის, კოლუმბიის კუბის, თურქეთის და ჩინეთის მთავრობებმა.

Print