რეგიონი
სოხუმელი ომბუდსმენი კარანტინზე: ხელისუფლებას გალელების ინტერესები უნდა გაეთვალისწინებინა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სახალხო დამცველი ასიდა შაკრილი გალის რაიონში შექმნილ სიტუაციას გამოეხმურა. მან აღნიშნა, რომ ენგურის ხიდზე შეზღუდვების დაწესება, გალის რაიონის მცხოვრებთა ჯანმრთელობის დაცვის გარდა, მათთვის სასიცოცლხოდ მნიშვნელოვან საჭიროებებსაც უნდა ითავლისწინებდეს. მისი თქმით, ისეთი ნეგატიური შედეგების, როგორიცაა მიტინგი, თავიდან აცილება შესაძლებელი იყო, მოსახლეობას წინასწარ ინფორმირების და კარანტინის დასაბუთების გზით. კერძოდ, ომბუდსმენი იმ ადამიანებს შეეხო, რომლებიც საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მკურნალობას გადიან, იღებენ პენსიას და სხვა სახის დახმარებას. მისი აზრით, ამ კატეგორიის მოქალაქეებს ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთა არ უნდა შეეზღუდოთ. მან დადებითად შეაფასა მკურნალობის საჭიროების მქონე ადამიანებისთვის გადაადგილების ნებართვის გადაწყვეტილება.

მან ასევე საქართველოს უმაღლეს სასწავლებლების სტუდენტებზე ისაუბრა, რომლებიც საახალწლოდ გალში მშობლებთან ჩავიდნენ და კარანტინის შემოღებისა და შემდგომი გადაადგილების შეზღუდვის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ. მისი თქმით, გალის ადმინისტრაციას უნდა ჰქონოდა მონაცემები იმის შესახებ, რა სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდებოდა ხალხი კარანტინის შემოღებით.

„შესაძლოა, რომ მოცემულ გარემოებებში კარგი იქნებოდა ხელისუფლებას დახმარებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის მიემართა", - განაცხადა მან.

გალელების სამრთლებრივი სტატუსის საკითხზე საუბრისას ასიდა შაკრილმა აღნიშნა, რომ „ხანგრძლივი დროის განმავლობაში გალის რაიონის მცხოვრებთა სამართლებრივი სტატუსი და დოკუმენტების საკითხი ბოლომდე არ არის გარკვეული მოსახლეობისთვის. სახალხო დამცველი ამბობს, რომ აღნიშული პრობლემა აფხაზეთის ხელისუფლების მხრიდან გალელების მიმართ პოლიტიზებული, და მოკლევადიანი გადაწყვეტილებების შედეგია“. ის თვლის, რომ აფხაზეთის ხელმძღვანელობის ერთ-ერთი პირველადი ამოცანა მოსახლეობის საკითხების გრძელვადიანი და სამართლიანი გადაჭრა უნდა იყოს.


Print