ახალი ამბები
ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია 1962 წელს დაბადებული, ტყვარჩელის რაიონის სოფელ წარჩეს მკვიდრი საქართველოს მოქალაქე. ამავე ცნობით, ის ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი. ე.წ. უშიშროების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჩხრეკისას მის კუთვნილ დამხმარე ნაგებობაში ნაპოვნია ხელყუმბარა, ვაზნები და სამხედრო-საინჟინრო დანიშნულების ელექტროდეტონატორი.

უწყებაში ამბობენ, რომ დაკავებული „საქართველოს სპეცსამსახურების დავალებით ჯაშუშობდა“.

ამავე ინფორმაციით, აღძრულია სს საქმე 274-ე, რაც სხვა ქვეყნისთვის ჯაშუშობას, სხვა სახელმწიფოსთვის და მისი წარმომადგენლებისთვის სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციის გადაცემას და 217-ე მუხლებით, რაც საბრძოლო იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

სოხუმის სასამართლომ დაკავებულს ორი თვით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დაკავებული სოხუმის საგამოძიებო იზოლატორშია მოთავსებული.
Print