რეგიონი
გაეროს კოორდინატორმა სოხუმს ენგურზე შეზღუდვების შემსუბუქების თხოვნით მიმართა
სოხუმში გაეროს მუდმივი კოორდინატორი ლუიზა ვინტონი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი ჰასან ხალილი და გაეროს ლტოლვილთა საკითხებში უმაღლესი კომისრის ოფისის (UNHCR) რეგიონული წარმომადგენელი - იოჰანეს ვან დერ კლააუ იმყოფებოდნენ. შეხვედრაზე, რომელიც „საგარეო უწყებაში“ გაიმართა. ენგურის ხიდზე დაწესებული შეზღუდვები და გალის რაიონის მცხოვრებლების მდგომარეობა განიხილეს. ინფორმაციას დე ფაქტო აფხაზეთის საგარეოს სამქეთა სამინისტრო ავრცელებს.

ლუიზა ვინტონმა „საგარეო საქმეთა მინისტრს“ დაურ კოვეს მიმართა თხოვნით განიხილოს ადმინისტრაციულ საზღვარზე შეზღუდვების მოხსნის შესაძლებლობა. მისი თქმით, ენგურის ხიდის ჩაკეტვა ნეგატიურად ისახება იმ პროექტებზეც, რომლებიც ჯანდაცვის სფეროში ხორციელდება.

გაეროს მუდმივმა წარმომადგენელმა აფხაზურ მხარეს განუმარტა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მათ დაუდასტურეს, რომ საქართველოში გრიპთან დაკავშირებული მაჩვენებლები, არც მიმდინარე და არც წინა წლებში, „საფრთხეს არ უქმნიან სხვა სახელმწიფოებს, ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით“.

დაურ კოვემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ენგურის ხიდზე კარანტინი მხოლოდ დე ფაქტო აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების გრიპის ვირუსისგან დაცვის მიზნით დაწესდა. მისი თქმით, „საქართველოში გრიპის ვირუსთან დაკავშირებით სიტუაციის გაუმჯობესებისთანავე, ენგურის ხიდზე კარანტინის მოხსნისა და შეზღუდვების შემსუბუქებაზე იმსჯელებენ“.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო პასპორტიზაციის საკითხებს და გალელების თავისუფალი გადაადგილების პრობლემებს.
Print