ახალი ამბები
მინისტრი: 700 მილიონიან პროექტში ზუგდიდი და მესტიაც ჩაერთვებიან
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, 2019 წელს ADB საქართველოში პროექტს „ცხოვრებისთვის კომფორტული ქალაქები“ იწყებს, რომელშიც ზუგდიდი და მესტიაც ჩაერთვებიან.

მინისტრის თქმით, პროექტი სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს, მათ შორისაა მუნიციპალური ტრანსპორტის განახლება, ბიზნეს კომპონენტების, მცირე სესხების დაფინანსება, ეკოლოგიურად სუფთა მწვანე ტექნოლოგიების გამოყოფა და სხვა.

"ADB -ის ძალიან კარგი პროექტი იწყება საქართველოში, სახელწოდებით „ცხოვრებისთვის კომფორტული ქალაქები“, რომლის განხორციელებაც 2019 წლიდან დაიწყება. ჩვენ წვდომა გვექნება ამ ფინანსებზე, თუმცა უკვე 2020 წლიდან აქტიური ფაზა დაიწყება. ეს არის 700 მილიონი დოლარის ოდენობის დაფინანსება, რომელიც მიმართული იქნება სამეგრელოს, მესტიის, თელავის, თუშეთის და თბილისისკენ. ADB-ის პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია, როგორც მუნიციპალური ტრანსპორტის განახლება იქ, სადაც ეს არის საჭირო, ასევე ბიზნეს კომპონენტის დაფინანსება მცირე სესხების სახით. ამასთან, არის სხვადასხვა მწვანე ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობა ა.შ. ანუ საკმაოდ საინტერესო და ყოვლისმომცველი პროექტია, რომელიც რეგიონული განვითარების ჩვენს ხედვაში სრულიად ჯდება“, - განაცხადა მინისტრმა ეკონომიკურ კონფერენცია „საქართველო და მსოფლიო 2019“-ზე.


Print