ახალი ამბები
მარტვილის მერია გაზეთში ინფორმაციის განსათავსებლად 10 ათას ლარამდე დახარჯავს
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიამ გაზეთში მერიის მიერ მიწოდებული ინფორმაციის განსათავსებლად ბიუჯეტიდან 9 500 ლარი გამოყო. შესაბამისი ტენდერი მერიამ 29 იანვარს გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, გაზეთის პირველ და მეორე გვერდებზე განთავსებული უნდა იყოს მერიის მიერ მიწოდებული მიმდინარე და შესრულებული სამუშაოების, ასევე მუნიციპალიტეტის კულტურული, ეკონომიკური, სოციალური და ისტორიული ცხოვრების შესახებ ინფორმაციები, მათგან სექტემბრის თვის სპეციალურ ნომერში ოთხ გვერდზე, ხოლო ნოემბრის თვეში 12 გვერდზე. ამასთან, დამატებით, კვარტალში ერთხელ რედაქციამ გაზეთში ინტელექტუალურ-შემეცნებითი არანაკლებ ერთი საბავშვო გვერდი უნდა გამოყოს და გაზეთის თითოეული ნომრის 300 ეგზემპლარის მერიას მიაწოდოს.

ამავე ინფორმაციით, თუკი მერიამ რედაქციას ინფორმაცია ყოველი თვის 25 რიცხვამდე არ მიაწოდა, რედაქცია ვალდებულია თვითონ მოაგროვოს აღნიშნული ინფორმაციები.

ტენდერში წინადადებების შეტანა 4-დან 6 თებერვლის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.
Print