ახალი ამბები
გარემოვაჭრეებსა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება ისევ ვერ შედგა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გარევაჭრობის რეგულირების წესთან დაკავშირებით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა მუშაობა დაასრულა, თუმცა, გარემოვაჭრეებთან შეთანხმება მაინც ვერ შედგა. ზუგდიდის ცენტრალური ბაზრის მიმდებარედ მომუშავეები შეთავაზებულ ფართს, ე.წ. „წულაიას“ ბაზრობას არ თანხმდებიან, რადგან მიიჩნევენ, რომ აღნიშნულ ადგილზე ვაჭრობა არ იქნება.

„ერთადერთი ადგილი, სადაც მუშაობა მისაღებია ჩვენთვის, არის სწორედ ის ტერიტორია, სადაც რამდენიმე თვის წინ გადაგვიყვანეს. მანამ, სანამ იქ კონსტრუქციები მოეწყობა, ვითხოვთ მუშაობის გაგრძელების უფლებას. როცა გადაწყვეტენ აკრძალვას, დავიწყებთ აქციებს, რადგან ვრჩებით ლუკმაპურის გარეშე“, - ამბობენ მოვაჭრეები.

თავის მხრივ, კომისიის თავმჯდომარე მამუკა წოწერია ამბობს, რომ გარევაჭრობის რეგულირების წესი უკვე შემუშავებულია და ის დასამტკიცებლად საკრებულოს უახლოეს სხდომაზე წარედგინება. წოწერიამ განმარტა, რომ ყველა შეთავაზებული ფართი, მათ შორის, ცენტრალურ ბაზარში და სავაჭრო ცენტრ „ალიანსში“ არსებული ადგილები, ასევე ე.წ. „წულაიას“ ბაზრობა არის ის ტერიტორიები, სადაც მათთვის მუშაობა იქნება სასარგებლო.

„ამ ადამიანებთან გარკვეული მორალური პასუხიმგებლობის გამო, ჩვენ მათ შევთავაზეთ ალტერნატივები, თუმცა, სამწუხაროდ, არ გვთანხმდებიან. სამუშაო ჯგუფის ყველა წევრი, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები თუ დამსწრე მოქალაქეები თანხმდებიან ამ გადაწყვეტილების სისწორეში, თუმცა, მათ ისე დატოვეს დღეს სხდომა, რომ კონსენსუსს ვერ მივაღწიეთ“, - თქვა წოწერიამ.

შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა მოქალაქეების დაესწრნენ. ისინი მიიჩნევენ, რომ გარემოვაჭრეები შეთავაზებულ ფართებს უნდა დათანხმდნენ, რადგან როგორც მოვაჭრეების, ასევე, ქალაქის ინტერესებიც გათვალისწინებული იყოს.

ამავე თემაზე:

გარემოვაჭრეები საკრებულოს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციასთან ელოდებიან



Print