ახალი ამბები
აქცია პროკურატურასთან - ლუკა ჩხეტიას მშობლებმა შიმშილობა დაიწყეს
უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედროს ოჯახის წევრებმა და მისმა მხარდამჭერებმა თბილისში, მთავარ პროკურატურასთან აქცია გამართეს. მათ კიდევ ერთხელ მოითხოვეს ჩხეტიას გათავისუფლება, რადგან, ოჯახის მტკიებით, ის უდანაშაულოა.

„ეს იყო გამართხილებელი აქცია. ზუგდიდიდანაც ჩავედით და იქაც დაგვხვდა ხალხი. ჩემი მშობლები და აფხაზეთის ომის რამდენიმე ვეტერანი კი პროკურატურის შენობაში რჩება და შიმშილობს. დედ-მამა ამბობს, რომ ამ საქმეზე სამართლიანობის დადგენას შეეწირებიან“, - უთხრა რადიო „ათინათს“ დაკავებულის დამ მარინა ჩხეტიამ.

ის დარწმუნებულია, რომ ლუკა ჩხეტიას და მასთან ერთად დაკავებულ პირებს იარაღი ჩაუდეს და დანაშაულთან არავითარი კავშირი არ აქვთ, რადგან, მისივე თქმით, იარაღზე თითის ანაბეჭდები დაკავებულების დნმ-ს არ ემთხვევა.

რაც შეეხება ჩხეტიას ჯანმრთელობის მდგომარეობას, მისი დის ინფორმაციით, ის არ გაუმჯობესებულა.

„უკეთ არ არის, ციხეში ზის უდანაშაულოდ და სწორედ ამიტომ, დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ვითხოვთ“, - აღნიშნა მან.

ლუკა ჩხეტია თბილისში, უკრაინის 5 მოქალაქესთან ერთად გასული წლის დეკემბერში დააკავეს. გამოძიება მას ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას ედავება. საქალაქო სასამართლომ დაკავებულებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ჩხეტიას ოჯახი კი უდანაშაულობაში დარწმუნებულია და მის დაკავებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს.

ამავე თემაზე:

ლუკა ჩხეტიას ოჯახი სახალხო დამცველს საქმეში ჩართვას სთხოვს
Print